არჩევნები, ალბათ, ჩატარდება 120/30-ზე სისტემით, თუმცა ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე

საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და ოპოზიციასთან დიალოგის შედეგად მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძე. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო ცვლილების საკითხს პასუხისმგელობით ეკიდება, რასაც ის ვერ ხედავს ოპოზიციის შემთხვევაში.

„არჩევნები, ალბათ, ჩატარდება 120/30-ზე სისტემით, რაზეც შევთანხმდით. თუმცა ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე. ჩვენ გვაქვს 93 მანდატი პარლამენტში და ამ ცვლილებას სჭირდება 113 ხმა. 2 პარტია აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერენ ამ ცვლილებას, თუმცა ჯერ არავინ იცის, ბოლოს რა მოხდება. თუმცა მათი ხმების გარეშეც არის შესაზლებელი პრაქტიკულად ამ ცვლილებების გატანა,”- განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, „რუსთავი2″-ის ეთერში.

„თუ გვინდა, რომ ეს ცვლილებები გავიდეს და მას მხარს დავუჭერთ, მაშინ 120/30-ზე სისტემით ჩატარდება არჩევნები. თუ ვერ გავიდა აღნიშნული ცვლილება, ეს იქნება მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობა და მათი დანატოვარი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები, რაც ასევე ლეგიტიმურია”, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, პოლიტიკურ შეთანხმებას „ქართული ოცნების” გუნდი პასუხისმგებლობით ეკიდება, რასაც ვერ ხედავს ოპოზიციის მხრიდან.

„ჩვენ გვაქვს ოფიციალურად გაფორმებული შეთანხმება და ეს შეთანხმება დაიდო საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რაც გვაკისრებს პასუხისმგებლობას. თუმცა ასევე პასუხისმგებელია ოპოზიციაც, შეასრულოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებებს”, – განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა.​

 

 

 

 

“ნიუპოსტი”