ახლა სიფრთხილეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არსებობს იმის ალბათობა, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის მსგავსი ახალი კლასტერები ჩამოყალიბდეს. რაც უფრო მეტად გავიხსნებით და გავაქტიურდებით, ამის ალბათობა უფრო მეტი იქნება, – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს. დიდი იმედი მაქვს საქმე იქამდე არ მივა, რომ ხელახალი იზოლაცია დაგვჭირდეს. ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ჩვენთან ერთად არის და რეკომენდაციები აუცილებლად დავიცვათ. თუ დისტანციას ვერ ვიცავთ, მინიმუმ პირბადე მაინც აუცილებლად გვეკეთოს. გახსოვდეთ – პირბადე გვიცავს!“, – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.
საქართველოში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედინიუსი”