გახარიას გადადგომის თემა ოპონენტებმა მოიგონეს – გია ვოლსკი

პოზიტიური თემების გადასაფარად მოგონილია თემა, რომ გახარია მიდის და პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობას ქმნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

„ინტენსიურად, ყოველი არჩევნების წინ ამორჩეულია რომელიმე პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართ მიდის ინტენსიური ინფორმაციული შეტევა – გახარია არათუ მიდის, არამედ ოპოზიციურ მოძრაობას ქმნისო. ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც, დღეს პარლამენტში იხილება და საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებზე „ნაცმოძრაობის“ პერიოდის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ამის გადაფარვა მიდის. სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაც მიდის, ან თუნდაც იმ ინფორმაციის გადაფარვა, რაც აღელვებდათ და ასეთი სკანდალური განცხადებები ჰქონდათ კონკრეტულ ტელევიზიებს დენდროლოგიური პარკის გახსნაზე, ქუთაისის უნივერსიტეტზე. პოზიტიური თემების გადასაფარად მოგონილია თემა, რომ გახარია მიდის და პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობას ქმნის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია გახარიას გადადგომის შესახებ, რასაც ოფიცილაური სტრუქტურები არ ადასტურებენ.

 

 

 

 

“ალია”