გია ჟორჟოლიანი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმებას ითხოვს

 

ამის შესახებ გია ჟორჟოლიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამეტში ინიცირებულია, თუმცა, პანდემიის გამო კენჭისყრა ვერ მოხერხდა.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება საქართველოს მომავალ განვითარებაში. არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს არჩევნები გახდეს თვისობრივად ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ძირეულად შეიცვალოს როგორც არსებული პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი, ასევე თავად პოლიტიკური დისკურსიც და პოლიტიკის წარმართვის სტილი. დღეს პოლიტიკურ და მედია დღის წესრიგში წარმოდგენილები არიან არა ის პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს ან უმრავლესობას, არამედ ისინი ვისაც აქვთ ფინანსური კაპიტალი. ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ორპარტიული „დიქტატურა“. არსებული ორპოლუსიანი სისტემა, სადაც ორი პარტია კინკლაობითა და პიროვნული დაპირისპირებითაა დაკავებული, უნდა შეიცვალოს. ამისათვის აუცილებელია მოხდეს ახალი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალების წარმოდგენა. ხალხს კი უნდა მიეცეს შესაძლებლობა, კონკურენტუნარიან და თანასწორი შესაძლებლობების მქონე საარჩევნო გარემოში, პასუხისმგებლიანი და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული არჩევანი გააკეთოს” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, „სოციალ-დემოკრატების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების თანასწორ პირობებში ჩაყენება, სატელევიზიო ეთერით საარჩევნო კამპანიის წარმართვის კუთხით.

 

 

 

 

“აიპრესი”