“ოცნება” ოცნებობს, გახარია კი ვირუსოლოგ-პანდემისტად ყალიბდება

“ქართული ოცნების” საარჩევნო სტრატეგია რომ კორონავირუსთან ბრძოლის თემატიკასთან მჭიდრო კავშირში იქნებოდა, ძნელი სავარაუდებელი არ იყო, მაგრამ “ქოცების” ეს გეზი ე. წ. სოციოლოგიურმა სამსახურმა “გორბიმ” საბოლოოდ დაადასტურა.

“გორბისთან” მჭიდროდ დაკავშირებულმა სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ, 2013 წელს ნინო ბურჯანაძის მარჯვენა ხელმა, რომელიც ამჟამად “ქართული ოცნების” მთავარი მეხოტბის როლს ასრულებს ხოლმე ტვ “იმედზე”, აღნიშნა:

„კორონავირუსის კრიზისმა მოახდინა იგივე, რაც თავის დროზე ე.წ. ციხის კადრებმა, როცა მოახერხა მობილიზაცია საპროტესტო ენერგიის. მაშინ ეს პროტესტი იყო მიმართული მმართველი პარტიის მიმართ, ახლა კი ოპოზიციის. უბრალოდ, ამ ვითარების თავისებურება ის არის, რომ ორივე შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას „ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდა. ერთ მხრივ, პროტესტის მობილიზაცია მოხდა ამ პოლიტიკური ძალის მიმართ, მეორე მხრივ კი მოხდა ამ პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია…

მოსახლეობა საღად და ობიექტურად აფასებს შექმნილ ვითარებას, აცნობიერებს, რომ არის ბევრი მწვავე სოციალური პრობლემა და ამის მიუხედავად, უმრავლესობა ირჩევს მმართველ პარტიას. აქ საფრთხეა როგორც სახელწმიფოსთვის, ასევე მმართველი პარტიისთვის, ვინაიდან სუსტი, არაკომპეტენტური, დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში ვერავინ ახორციელებს ქმედით კონტროლს ხელისუფლებაზე. პარადოქსი იმაშია, რომ „ქართულმა ოცნებამ” თვითონ უნდა მოძებნოს რესურსი, რათა მოახდინოს ქმედითი კონტროლი და მონიტორინგი სახელმწიფო ბიუროკრატიაზე.” – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ გადაცემა “ღია ეთერში”.

როგორ ჰგავს ეს რიტორიკა სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების რიტორიკას 2011-2012 წლებში, როდესაც ისინი საუბრობდნენ მმართველი პარტიის უალტერნატივობაზე, ოპოზიციის სისუტეზე და ამის გამო “სწუხდნენ” კიდეც – ისინიც ხომ “სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ” და ძლიერი ოპოზიცია სახელმწიფოსთვის აუცილებელ ერთ-ერთ დასაყრდენად “მიაჩნდათ”… ბუნებრივია, რომ მაშინ სააკაშვილის რეჟიმიც გულუხვად უწერდა თავის თავს მსუყე რეიტინგებს, ახლა ვალერიან გორგილაძემ, თავისი ძმაკაცი ფაჩულიას საშუალებით, რომლის მფლობელობაშიც არის “გორბი”, 55%-იანი რეიტინგით დაასაჩუქრა მმართველი ძალა, რომელიც, თავის მხრივ, “იმედის” საშუალებით, გორგილაძეს მსუყე ჰონორარებს უხდის.

იმ დამცირების ფონზე, რაც მმართველმა ძალამ განიცადა ვიღაც კინზინგერის ულტიმატუმის მიზეზით უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლების გამო, “ქოცნებამ” გადაწყვიტა (და ალბათ სწორადაც მოიქცა), რომ ამ საკითხს იგნორირება გაუკეთოს და თავისი აზრით, საკუთარ ძლიერ მხარეზე გააკეთოს აქცენტირება. რასაკვირველია, “ქოცები” თეთრხალათიანებს და მათ ჯერ კიდევ არსებულ მაღალ ავტორიტეტს ეფარებიან.

მაგრამ ეს ავტორიტეტი დღითიდღე კლებულობს, რადგან თეთრხალათიანები სისულელეების კორიანტელს აყენებენ. თუკი მათი ისტერიული წივილ-კივილი აღდგომის წინა დღეებში ბევრს ტანში ჟრუანტელს ჰგვრიდა, ახლა მათ უბრალოდ დასცინიან, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ რესტორანში ჭამის დროს უნდა მოვიხსნათ პირბადე, მაგრამ საუბრისას – ისევ გავიკეთოთ. თუმცა ხალხს სასაცილოდ არ აქვს საქმე და სოციალური გაჭირება დამძიმდება. არანაირი 200 და 300-ლარიანი დახმარება ამ ვითარებას არ უშველის. ამიტომ, პრემიერმინისტრი გახარია, მალე თავად გახდება იძულებული, თეთრი ხალათი ჩაიცვას და დილიდან საღამომდე კორონავირუსზე გველაპარაკოს, ვითომ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა ეს იყოს და მეტი არაფერი (თუ არ ჩავთვლით 2021 წელს პენსიების ზრდას 20 ლარის ოდენობით).

1-ლ ივნისს გახარიამ ისეთი რიხით გვახარა საქალაქო ტრანსპორტის ამუშავება, თითქოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მან გაუშვა რაკეტა და არა ილონ მასკმა:

“მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდა, ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები გახსნილია”.

თუმცა პრემიერი ამ განცხადებას არ დასჯერდა და, როგორც გამოცდილმა ვირუსოლოგმა, ისე აღწერა მსოფლიოში კორონავირუს 19-ის გავრცელების პერსპექტივები:

„დღეს გვაქვს ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა, გუშინ გვქონდა 26, გუშინწინ – 9. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება. ესაა გლობალური პანდემია. ვერცერთი ქვეყანა, ცალკე აღებული ვერ დაამარცხებს ვირუსს. ეს არის გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება მსოფლიომ ერთად უნდა იზეიმოს. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი დროსა და სივრცეში. ბოლო ორი დღის განმავლობაში გაჩნდა ქვეყანაში ორი ახალი კლასტერი, ერთი თბილისში და ერთი – მარნეულში, სოფელ მარეთში.

ჩვენი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, როგორც დროში სისწრაფე, ასევე გეოგრაფიულად სივრცეში, მაგრამ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა და მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ პირბადე, განსაკუთრებით, როცა ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაშინ, როცა ვართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ ეს არ არის რაღაც ისეთი, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს არის ის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც მარტივია და შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ“ – განაცხადა “დოქტორმა” გახარიამ.

რაოდენ ბედნიერია ერი, რომლის პრემი-ერი ერთი თემით არის დაკავებული და, როგორც ჩანს, აწი სულ ამ თემაზე ილაპარაკებს? 

 

ინგა ჯიჭონაია