რამდენი მილიონი დახარჯა მთავრობამ საკარანტინო ზონებისთვის – ოფიციალური დოკუმენტი

რამდენიმე წუთის წინ, COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში გამოქვეყნდა.

დოკუმენტიდან ირკვავა, რომ საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. 22 მაისის მდგომარეობით საკარანტინო ზონისთვის სულ 84 სასტუმრო იყო გამოყოფილი, სადაც სავალდებულო კარანტინი 19 002-მა ადამიანმა გაიარა.

“საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ. საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს”, – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს მთავრობაში ირწმუნებიან, რომ სასტუმროები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით შეარჩია.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ საზღვრიდან სასტუმროებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირებასა და კვებას მთავრობა უზრუნველყოფდა. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სასტუმროების პერსონალის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგებაც.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს. 2020 წლის 21 მარტიდან ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას – 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

 

 

 

“ნიუპოსტი”