ტრამპს არმიის გამოყენება სურს ბუნტის ჩასახშობად; პენტაგონი წინააღმდეგია!

შეერთებულ შტატებში ქაოსის აღსაკვეთად პრეზიდენტ ტრამპს გაუჩნდა სურვილი, აამოქმედოს “კანონი აჯანყებების შესახებ”, რომელიც მას აშშ-ის ტერიტორიაზე არმიის გამოყენების საშუალებას აძლევს.

“პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება, აამოქმედოს კანონი აჯანყებების შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მას გამოიყენებს კიდეც” – განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეილი მაკენანიმ.

როგორც სახელმწიფოთა უმრავლესობაში, ამერიკაშიც არმიის გამოყენება ქვეყნის შიგნით აკრძალულია. მაგრამ არსებობს 1807 წელს მიღებული ფედერალური კანონი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, განსაკუთრებულ ვითარებაში გამოიყენოს შეიარაღებული ძალები და ფედერალურ დაქვემდებარებაში გადასული ეროვნული გვარდია სამოქალაქო არეულობების, აჯანყებებისა და ბუნტების ჩასახშობად. ეს კანონი არაერთხელ იქნა გამოყენებული აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში, მათ შორის, 1967 წელს დეტროიტში, 1968 წელს ჩიკაგოსა და ბალტიმორში, ასევე 1992 წელს ლოს-ანჯელესში.

ტრამპმა უკანასკნელ დღეებში არაერთხელ გაიმეორა, რომ მოახდენს მთელი რესურსების მობილიზებას უწესრიგობის აღსაკვეთად, მათ შორის, გამოიყენებს არმიას იმ შტატებში, რომლებშიც ადგილობრივი ხელისუფლება უარს იტყვის ნაციონალური გვარდიის გამოყენებაზე. გვარდიის ქვედანაყოფები, როგორც წესი, იმყოფებიან შტატის და არა ფედერალური ცენტრის დაქვემდებარებაში (გამონაკლისს წარმოადგენს კოლუმბიის დისტრიქტი). ტრამპს უწევს გუბერნატორებზე ზეწოლის მოხდენა, რათა გვარდიის გამოყენებით მოხდეს ვანდალიზმის და ძარცვა-გლეჯის შეწყვეტა მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე. ტრამპმა ასეთი გუბერნატორები, რომლებსაც არ სურთ გვარდიის გამოყენება, სისუსტეში დაადანაშაულა. ამიტომ, პრეზიდენტი აპირებს, გამოიყენოს “კანონი აჯანყებების შესახებ”.

მაგრამ ტრამპისვე მთავრობის წევრი, თავდაცვის მინისტრი მაიკ ესპერი, პრეზიდენტის წინააღმდეგ წავიდა და განაცხადა, რომ “არმიის გამოყენება მართლწესრიგის დასაცავად უკიდურეს შემთხვევაში და მხოლოდ უკიდურესად მძიმე სიტუაციებში უნდა მოხდეს. ამჟამად ასეთ ვითარებას ადგილი არ აქვს” – განაცხადა მინისტრმა.

მაიკ ესპერის ამ განცხადებამ აღაშფოთა ტრამპი, ასევე მისი გარემოცვა. ეჭვს ქვეშ დგება მინისტრის მუშაობის გაგრძელება. ტრამპის პრესმდივანმა კეილი მაკენანიმ ჟურნალისტებს კითხვაზე, დარჩება თუ არა ესპერი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, ასე უპასუხა: “ამჟამად მინისტრი ესპერი ჯერ კიდევ მინისტრი ესპერია”. ეს მშრალი კომენტარი მხოლოდ აძლიერებს ეჭვს, რომ უახლოეს ხანში პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრს თანამდებობის დატოვებას მოთხოვს, ვარაუდობენ პოლიტიკური კომენტატორები.

შეერთებულმა შტატებმა თავიანთი რეალური სახე გამოავლინეს. ეს არის ჩამორჩენილი, ბანგლადეშის დონეზე ოდნავ უფრო მაღლა მდგომი ქვეყანა, შემკული ბირთვული შეიარაღებებით, ძლიერი სამხედრო ფლოტითა და ავიაციით. ის ფულადი სიმდიდრეები, რასაც იგი ფლობს, კონცენტრირებულია ოლიგარქიის ხელში, რომელიც არანაირ შეხებაში არ არის საზოგადოების, ხალხის მოთხოვნებთან.

აშშ-ში პერიოდულად გროვდება უდიდესი სოციალური პრობლემები და დღევანდელი ქაოსი ამის შედეგია. პოლიციელის მიერ დაკავებულის სადისტური მკვლელობა მხოლოდ საბაბი და კატალიზატორი გახდა ამ პროცესებისა, მათი ასე განვითარება და დროში გაწელვა შეუძლებელი იქნებოდა. ამას ვერც ტრამპის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებას მივაწერთ და ვერც სხვა კონსპირაციულ თეორიას. ფაქტი ისაა, რომ დღევანდელი ამერიკა სრული მორალური ბანკროტია!

ამ სახელმწიფოს აქვს ამბიცია, რომ იყოს მსოფლიოსთვის მაგალითი, ნებისმიერი ამერიკელი პრეზიდენტი ამას უნერგავს თავის ხალხს, რომ ამერიკა არის მსოფლიოს ნომერი 1 სახელმწიფო და ნაცია, ყველა თვალსაზრისით. მაგრამ, დღეს ყველა რწმუნდება მსოფლიოში, რომ ეს ასე არ არის.

დარწმუნდება ამაში საქართველოს “პოლიტიკური ელიტა” თუ გააგრძელებს მონობის კურსს? – საკითხავი მხოლოდ ეს არის…