პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის დაწესების შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა” და “სისხლის სამართლის” კოდექსებში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება.
ცვლილებათა პროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 50 ლარით.
პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით.
კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას მგზავრი და მძღოლი ვალდებულია, ატაროს პირბადე. თუ მგზავრი არ ატარებს პირბადეს, ის დაჯარიმდება 50 ლარით. 50 ლარით დაჯარიმდება ასევე მძღოლიც, თუ ის არ ატარებს პირბადეს.
ამასთან, ტაქსით ( (M1 კატეგორია) გადაადგილებისას მძღოლი და მგზავრი ვალდებულნი არიან, ატარონ პირბადე. თუ მგზავრი არ ატარებს პირბადეს, ის დაჯარიმდება 50 ლარით. 50 ლარით დაჯარიმდება ასევე მძღოლიც, თუ ის არ ატარებს პირბადეს.
ცვლილებები ასევე ეხება იზოლაციისა და კარანტინის წესის სხვა დარღვევებს, რომლისთვისაც ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით.
ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით დაარღვევს იზოლაციისა და კარანტინის იმ წესებს, რომლებიც მე-5 პუნქტშია (სხვა დარღვევები) მითითებული და მძიმე შედეგებთან არის დაკავშირებული.
შეგახსენებთ: აღნიშნული კანონპროექტის მომზადება პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს 1 ივნისს დაავალა.
“აიპრესი”