სასიხარულო ცნობა მოვიდა ქართული სპორტის და მეტადრე ფეხბურთის მოყვარულთათვის. ბოსნიური ფუტსალის კლუბი “სალინესი”, რომლის ღირსებას ქართველი ლეგიონერი და საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი კახა მაისაია იცავს, უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის 2020/21 სეზონში მონაწილეობას მიიღებს.
ორიოდ დღის წინ, ბოსნიის ფეხბურთის ფედერაციამ ადგილობრივი ფუტსალის ლიგის გამარჯვებულად, ამავე ქვეყნის ჩემპიონად, სწორედ მისი გუნდი დაასახელა.
გთავაზობთ ქართველი ლეგიონერის მცირე კომენტარს, რომელიც მან ექსკლუზიურად ჩვენს გამოცემას მისცა:
„ძალიან გახარებული ვარ. უდავოდ ძლიერი ფუტსალის ლიგა აქვს ბოსნია-ჰერცოგოვინას და გუნდს მთლიანად დაგვიფასდა მონდომება. ერთ ოჯახად ვიყავით შეკრული, როგორც ჩემპიონატის მსვლელობის, ასევე პანდემიის დროს. ნამდვილად არავინ ელოდა, რომ პატარა ქალაქის ტუზლას გუნდი შეძლებდა და მოიპოვებდა უძლიერესის ტიტულს. კლუბის პრეზიდენტის და მთავარი მწვრთნელის სერბი პრედრაგ რაიჩის გადაწყვეტილებით, რამდენიმე კვირით დავისვენებთ და შემდგომში უეფას გათამაშებაში ჩავერთვებით. ენით აუღწერელია, თუ რა სიხარული განიცადა ამ პატარა ქალაქმა“.
ცნობისთვის, კახა მაისაია პირველი ქართველთაგანია ფუტსალის ლეგიონერთა შორის, ვინც ბალკანურ ქვეყნებში ჩემპიონობას მიაღწია.