სანდრო ბრეგაძე: “უპრიანია, ნარიმანოვის ძეგლი ჩანაცვლდეს ხუდო ბორჩალოელის ძეგლით!”

როგორც მოგეხსნებათ, “ქართული მარში” შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, მოძრაობის ლიდერს ბატონ სანდრო ბრეგაძეს დავუკავშირდით  და ბლიც-ინტერვიუ ვთხოვეთ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გარშემო.

 

– ბატონო სანდრო, თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქე, კმაყოფილი ხართ თუ არა მთავრობის მიერ გაჟღერებული ანტიკრიზისული გეგმით ?

 

– ვფიქრობ, შეფასება ერთი სიტყვით გამიძნელდება, თუმცა შედეგს უნდა დაველოდოთ. აქვე მსურს დავსძინო, რომ ჩემივე პროგნოზი გეგმასთან დაკავშირებით პესიმისტურია.

 

როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო საზღვრების გახსნა პანდემიის დროს სწორად გადადგმული ნაბიჯია ?

 

– მოდით, ასე შევხედოთ: საზღვრების გაღება, როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის, რეალურად საფრთხეს შეიცავს. მყარი გარანტიები უნდა გაგვაჩნდეს ამასთან დაკავშირებით და ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმა სახიფათოც კია.

 

– თქვენი აზრი რაჭაში ჰესის მშენებლობასთან  და ქვემო ქართლში ნარიმანოვის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით …

 

– ზოგადად დიდი ჰესების მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება ნარიმანოვის ძეგლს, ის ასაღებია, როგორც ავიღეთ: ლენინის, ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის და მიხა ცხაკაიას მონუმენტები. 1921 წელს ნარიმან ნარიმანოვი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციაში იღებდა მონაწილეობას. ვფიქრობ უპრიანი იქნება მისი ძეგლი ჩანაცვლდეს აზერბაიჯანელი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლის, საქართველოს გმირის ხუდო ბორჩალოელის ძეგლით. ეს პიროვნება იყო საქართველოს ღირსეული შვილი, ერეკლე მეფის უახლოესი თანამებრძოლი და კრწანისის ბრძოლის გმირი.

 

მოამზადა ბექა კვიციანმა