აჭარის უმაღლესი საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ანგარიშით გამოსვლა ხმაურით დაიწყო. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძეს გამოსვლისთანავე შეაწყვეტინა სიტყვა და უმაღლეს საბჭოს სხდომაზე მოქალაქეების დაშვება ითხოვა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მას განუმარტა, რომ დარბაზი სავსე იყო და მოქალაქეების დასწრება შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ეს გახდა სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი. ხმაურის გამო სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მოგვიანებით დავით გაბაიძემ 2 გაფრთხილება მისცა ოპონენტს შემდეგ კი მანდატურებს მისი დარბაზიდან გაყვანა სთხოვა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან რამდენიმე გარემოვაჭრე შეიკრიბა, მათ მთავრობის თავმჯდომარესთან და უმრავლესობის დეპუტატებთან შეკითხვები ჰქონდათ, თუმცა ისინი სხდომაზე არ დაუშვეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა ერთ-ერთ გარემოვაჭრეს საკუთარი სავარძელი დაუთმო, სხდომაზე შესული მოქალაქის თქმით, მას მოუწოდეს სხვაგან გადამჯდარიყო.
უადგილობის გამო გარემოვაჭრემ დარბაზი დატოვა. პროტესტის ნიშნად სხდომა ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც დატოვეს.
თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშით მეორედ გამოდის. მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის ანგარიშს აჭარის ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს.
“კურიერი”