მატყუარა კოლინ პაუელი მატყუარა პრეზიდენტის წინააღმდეგ

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა (ანუ საგარეო საქმეთა მინისტრმა) განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე იგი დემოკრატების კანდიდატს, ჯო ბაიდენს დაუჭერს მხარს, ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ.

ტელეკომპანია CNN-თან საუბარში კვირას, 7 ივნისს, პაუელმა აღნიშნა:

ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მას, მაგრამ პრეზიდენტმა ამ გზას გადაუხვია. ტრამპი მუდამჟამს ცრუობს. ეს სიტყვა მე არც ერთი იმ ოთხი პრეზიდენტის მიმართ არ გამომიყენებია, რომელთა სამსახურშიც ვიდექი“.

პაუელმა ასევე მოუწოდა ამერიკელებს, დაფიქრდნენ, თუ რაოდენ დიდ ზიანს აყენებს პრეზიდენტის სიცრუეები ამერიკას საერთაშორისო არენაზე.

კეთილი და პატიოსანი, ეს მართლაც ასეა, რომ ტრამპი ხშირად ცრუობს. ტრამპი ცრუობს, როდესაც ჩინეთს აბრალებს კორონავირუსის განზრახ გავრცელებას, ტრამპი ცრუობს, როდესაც ირანის სახელმწიფოს სდებს ბრალს ტერორიზმში, ტრამპი ცრუობს, როდესა აცხადებს, რომ ვენესუელაში მას დემოკრატიის გამარჯვება სურს, ტრამპი ცრუობს, როდესაც ამტკიცებს, რომ ჰიტლერული გერმანია მხოლოდ ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა დაამარცხეს…

მაგრამ განა ამჟამინდელი პრეზიდენტი განსხვავდება ამ მხრივ სხვა პრეზიდენტებისგან? – არანაირად! სიცრუით შეიჭრა ამერიკა იუგოსლავიაში მატყუარა კლინტონის დროს, რომელიც არწმუნებდა ყველას, რომ “გენოციდი” მიმდინარეობს ალბანური წარმოშობის მოსახლეობის მიმართ; სიცრუით შეიჭრა ამერიკა ერაყში ორჯერ – ერთხელ 1990 წელს, როდესაც გაეროში გამოიყვანეს ყალბი მოწმე, რომელმაც მსოფლიო ლამის ჭკუიდან შეშალა ამერიკელი სპეცსამსახურების მიერ შეთხზული ბოროტი ზღაპრით, თითქოს სადამ ჰუსეინის ბრძანებით, ერაყელი სამხედროები ქუვეითში ახალშობილებს ხოცავდნენ სამშობიარო სახლებში და მეორედ – 2003 წელს, როდესაც ერაყს ბრალი ედებოდა ჯორჯ “დაბლიუ” ბუშის ადმინისტრაციის მიერ, მასობრივი განადგურების შეიარაღებების ფლობაში. ამ შემთხვევაში ამერიკული ადმინისტრაციის მთავარი მატყუარის როლში თავად კოლინ პაუელი მოგვევლინა!

შეგახსენებთ: 2003 წლის 5 თებერვალს კოლინ პაუელმა, გაეროს უშიშროების საბჭოში, წარმოსთქვა სიტყვა, რომლის შემდეგ პრეზიდენტმა ჯ. ვ. ბუშმა ბრძანება გასცა ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე. სახელმწიფო მდივანმა პაუელმა ბუშს ამისი საბაბი მისცა. პაუელის მაშინდელი განცხადებით, შეერთებული შტატები ფლობდნენ მყარ მტკიცებულებებს იმის თაობაზე, რომ ერაყში თავმოყრილია მასობრივი განადგურების შეიარაღება, რასაც სადამ ჰუსეინი მსოფლიო საზოგადოებას უმალავს. პაუელმა მაშინ რამდენიმე სატელიტური ფოტოსურათი და, მეტი სენსაციურობისთვის, კოლბაც წარმოადგინა “მტკიცებულების” სახით; კოლბა შეიცავდა ციმბირის წყლულს და ეს ერაყული ბიოლოგიური იარაღის ნაწილი იყო.

თუკი ერაყში ამერიკელების შეჭრამდე რომელიმე გონებასუსტს კიდევ სჯეროდა, რომ პაუელი სიმართლეს ღაღადებდა, ომის შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა, კლასიკურ ამერიკულ ბრიყვულ და თავხედურ სტილში შესრულებული.

ამის შემდგომ, კოლინ პაუელმა ნიანგის ცრემლები დაღვარა და 8 სექტემბერს ტელეკომპანია ABC-სთან საუბარში თავისი გამოსვლა გაეროში მოინანია. “ეს ჩემს ბიოგრაფიაზე სამარცხვინო ლაქაა, მე ტკივილს განვიცდი ამის გამო” – აღნიშნა პაუელმა ამასთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, იგი დარწმუნებული იყო ინფორმაციის სისწორეში, რადგან ასევე დარწმუნებული იყო აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მაშინდელი შეფი ჯორჯ ტენეტი. “სპეცსამსახურებში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ თავიანთი წყაროების არასანდოობის შესახებ, მაგრამ არაფერი თქვეს ამის შესახებ; ამან გამანადგურა მე” – აღნიშნა კოლინ პაუელმა, რითაც, ფაქტობრივად, ყველაფერი სპეცსამსახურებს გადააბრალა.

გამოდის, რომ კოლინ პაუელი მიამიტი ბავშვი და ლამის ტრეფიკინგის მსხვერპლი ყოფილა, ხოლო ამხელა თავი მხრებზე ტყუილად ადევს. მატყუარა პაუელის ნიანგის ცრემლები მისი აპარატის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თანამშრომელმა, ლოურენს უილკინსონმა ამხილა CNN-თან ერთ-ერთ ინტერვიუში. კერძოდ, უილკონსონმა პაუელის გამოსვლა გაეროს უშიშროების საბჭოში დაახასიათა, როგორც “მენიუ ჩინური რესტორნიდან”. რაც მთავარია, პაუელმა იცოდა, რომ მას ბუშის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სიცრუე უნდა წაეკითხა:

“პაუელი შემოვიდა კაბინეტში და თქვა: შეხედეთ, თეთრ სახლს სურს, რომ უშიშროების საბჭოს მე ეს გავაცნო” – აღნიშნა უილკინსონმა. არანაირი სპეცსამსახურების მიერ მომზადებულ მასალაზე საუბარი არ ყოფილა. “ეს მოვლენა ყველაზე უფრო სამარცხვინოა მის კარიერაში” – დარწმუნებულია უილკინსონი.

ერაყში 2003 წელს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შეჭრას დაახლოებით 2 ათასი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა და, რაც მთავარია, ამერიკულ ოკუპაციას ერაყელი ხალხისთვის უდიდესი ტრაგედია მოჰყვა – ასეულათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, მილიონობით დევნილი, პირველ რიგში, ქრისტიანები, ამერიკელი სამხედროების მიერ გატაცებული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნივთები, ეკონომიკის გაჩანაგება, ქვეყნის ფაქტობრივი დაშლა რამდენიმე ნაწილად, ტერორიზმისა და რადიკალური ისლამიზმის გაღვივება. ამერიკელებმა ამ გზით დაამყარეს სტრატეგიული კონტროლი ერაყულ ნავთობზე, მაგრამ ეს კონტროლი შესუსტდა და ნიველირებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენის აშკარა ზრდით, უმეტესად შიიტებით დასახლებულ ერაყზე.

 

გულბაათ რცხილაძე