ინტერვიუ ბ-ნ ზვიად ტომარაძესთან, ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელთან.
– ბატონო ზვიად, იქნებ მოკლედ შეაფასოთ საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა?
– მთლიანობაში რაც ხდება სახელმწიფოში, უარყოფითად შევაფასებდი. ავიღოთ იგივე ყბადაღებული ანტიკრიზისული გეგმა. ჩვენ ვართ ღარიბი სახელმწიფო და ხელისუფლება რესურსებში შეზღუდულია. თუმცა რა გეგმაც გაჟღერდა, მისი მიზნობრივი და ეფექტური განაწილებაც შეიძლებოდა.
მაგალითად, დადებითია საბანკო სესხების გადავადება და კომუნალური გადასახადის გადახდა, უარყოფითია აგრეთვე აქცენტის ტურიზმზე გაკეთება, უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის მიზერული დახმარება, ცალკე აღნიშვნის ღირსია სოფლის მეურნეობაში 300 მლნ ლარის ჩადება. მართალია, სოფლის მეურნეობის ნებისმიერი თანხით დახმარება, მით უმეტეს 300-მილიონიანი, კარგია, თუმცა ჩნდება კითხვა, მიმდინარე დახმარებით ფერმერების ნაწილი მცირედით ისარგებლებს მხოლოდ, თუ სასურსათო უსაფრთხოების საკითხს გადავჭრით ? არასწორი აქცენტების გარდა, ხნვა-თესვის სეზონი ფაქტობრივად, დასრულებულია, ხოლო ფერმერებს ამ დახმარების მისაღებად სოფლის მეურნეობის სამინისტოს მიმართეს 20 მაისიდან და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საბუთობანა გარკვეულ დროს წაიღებს, აღნიშნული დახმარება უკვე დაგვიანებულია. ყოველივე ქველმოქმედებას უფრო წააგავს, ვიდრე შედეგზე გათვლილ პროგრამას. დავამატებ, არ მოხდა ბიუჯეტის კორექტირება. რეალურად ისევე უნდა ვხარჯოთ თანხები, როგორც ეს პანდემიამდე იყო დაგეგმილი. მაგალითად, განათლების სამინისტრომ 33.5 მლნ ლარი დახარჯა პირველკლასელთათვის კომპიუტერების შესაძენად. 11 მაისს კი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორსართულიანი საკონფერენციო დარბაზის ასაშენებლად 1 665 000 ლარის ტენდერი გამოაცხადა. რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 23 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით, 1 688 000 ლარის ავეჯი შეიძინეს (სკამი 1 200 ლარად, მაგიდა 1 700 ლარად). აუცილებელი იყო სხვადასხვა სამინისტროებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებიც.
– და მაინც, დღეს ბევრს საუბრობენ სახელმწიფო საზღვრების გახსნაზე და ტურისტული სეზონის დაწყებაზე მთავრობის მხრიდან…
– ‘კორონა’ არსებობს და ხალხი მისგან იღუპება, მაგრამ საკითხი ხელოვნურად გაბუქებული მგონია და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, მათ შორის ბონის, ნიუ-იორკის და სტენფორდის უნივერსიტეტების კვლევებიც. პლანეტის მოსახლეობა ყოველწლიურად იღუპებოდა სხვადასხვა სეზონური გრიპებისგანაც და მაშინაც ძირითადად იმუნიტეტ დაქვეითებულებს, მძიმე ავადმყოფებს და ასაკოვან ადამიანებს კლავდა ! პანდემიამდე ყოველწლიურად გრიპით 5 მლნ-მდე ადამიანი ავადდებოდა, 650 000 კი გარდაიცვლებოდა. ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა და მასობრივი შეკრებები აკრძალა, იგივე კლინიკური კარანტინი, დისტანცირებისა და ჰიგიენის დაცვის წესები შემოიღო, მაგრამ ‘კორონას’ გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ ქონდა კომენდანტის საათის შემოღებას, ავტომობილების მოძრაობის გაჩერებას, ავტომობილებში რაოდენობის და წინ დაჯდომის შეზღუდვას. არასწორი იყო სტომატოლოგიური კლინიკების და აგრარული ბაზრების დაკეტვა. თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, ყველაფერი გაგვეჩერებინა, რადგან ღარიბი სახელმწიფო ვართ და მძიმე ეკონომიურ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. ელემენტარულია, როდესაც ექსპორტ-იმპორტის შორის უარყოფითი სალდო 5 მლრდ 306 მლნ აშშ დოლარი გაქვს, ტურიზმიდან 3 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი გაჩერდა და ემიგრანტების ფულადმა გზავნილებმაც მნიშვნელოვნად მოიკლო. ყოველივეს ემატება თვეობით გაჩერებული ბიზნესი. ასე რომ, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. ხელისუფლებმა მთელი აქცენტი ჯამრთელობაზე გააკეთა, შესაბამისად მედიცინასა და ეკონომიკას შორის ბალანსი ვერ დაიცვა.
საზღვრების გახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ ტურისტების შემოსვლა რეალური იქნება, მაგრამ არსებული მსოფლიო ვითარების ფონზე საეჭვოა, რადგან ქვეყნების უმეტესობა სახელმწიფოს საზღვრებს არ ხსნის.
– ხელისუფლება ენერგოდამოუკიდებლობის საბაბით, მხარს უჭერს რაჭაში, ლეჩხუმსა და სვანეთში ჰესების მშენებლობას. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით ?
– სამწუხაროდ, ყოველივე ეს არ გახლავთ ენერგოდამოუკიდებლობაზე ზრუნვა, რადგან რაჭის ჰესის ენერგიის 90 % -ის გამომუშავება უნდა მოხდეს ზაფხულში, ანუ მაშინ, როდესაც ენერგია ისედაც ჭარბად გვაქვს. ეს გახლავთ გარკვეული ჩინოვნიკების ბიზნეს-ინტერესები ! ამაზე სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებები მეტყველებს, რომელიც თავადვე სახელმწიფოსთვის კაბალურია, როგორც ძვირი და ზრდადი ტარიფი, ისევე სავალდებულო შესყიდვაც, იმ შემთხვევაშიც კი დასჭირდება თუ არა ქვეყანას … ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ 2013 წელს 400 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა აჭარაში შუახევის ჰესის მშენებლობაზე და სამი თვის შემდეგ გვირაბები 8 ადგილას ჩამოინგრა. მესტია ჭალა ჰესზე, რომლის მშენებლობაში 50 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო, 2019 წლის 25 ივლისს მოხდა სტიქია. უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა, მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, მდინარე მესტიაჭალის ხეობაში გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა. ეკოლოგიის კუთხითაც, რაჭა-სვანეთ-ლეჩხუმისთვის ჰესები დიდი ზიანის მომტანი იქნება. არ დაგვავიწყდეს, რეგიონი სეისმურად მგრძნობიარეა და ამ კუთხით სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.
მთელი მსოფლიო გადასულია ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე. მაგალითად, გერმანიამ 2016 წელს დაიწყო მზის პანელების გამოყენება. გამომუშავებულ იქნა 40 მილიარდი კილოვატსაათი, რაც ჩვენს ელექტროსისტემაზე 4-ჯერ მეტია.
– ტელემედიამ დახატა სიტუაცია, რომ მარნეულში ადგილი აქვს ეთნიკურ დაპირისპირებას…
– საინტერესოა, რომ მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისთვის მაშინ მოიცალეს, როდესაც რეგიონი ჩაკეტეს. მანამდე ძეგლი იდგა. არანაირი ეთნიკური დაპირიპისრება სინამდვილეში არაა. სამწუხაროდ, ტელემედია ცდილობს სიტუაცია რადიკალურად განსვავებულად დახატოს და თავადვე ცდილობენ ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას. ამას კი ეკლესიის სიძულვილისა და დისკრედიტაციის მიზნით აკეთებენ. საქმე ის გახლავთ, რომ ნარიმანოვი ბოლშევიკი კომისარი იყო, რომელიც როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს ოკუპაციაში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. მისი პიროვნება ზუსტად ისევე მიუღებელია, როგორც მისი “სულიერი ძმები” ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე. ასე რომ ეთნიკური სარჩული არაფერ შუაშია. მინდა მკითხველს შევახსენო, რომ 2011 წელს მიღებული კანონის (თავისუფლების ქარტია) მიხედვით, აკრძალულია კომუნისტური სიმბოლიკის, მათ შორის, ძეგლების საჯაროდ წარმოჩენა. მეუფე გიორგი (ჯანმდელიანი) დიდი კეთილგანწყობით სარგებლობს ჩვენს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელებში, რომელიც განპირობებულია სწორედ მეუფის მხრიდან ადგილობრივ ეპარქიაში მცხოვრებთა ეთნიკურ-რელიგიური განურჩევლობით. ქართულმა “ნაქებმა” მედიამ სიტუაცია ცალმხრივად გააშუქა და აქენტი გააკეთა მეუფის ქადაგებიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებზე. რაც მთავარია, სიტუაცია წარმოჩნდა ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების კონტექსტში. ყოველივე კი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა ! ჩემი სიტყვების დასტურია, 28 მაისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა, რომელსაც თავადვე ვესწრებოდი და სადაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯანმდელიანი), საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტს ჰაფის პოლოხოვს და ადგილობრივ ინტელიგენციას შეხვდა. შეხვედრამ ჩაიარა კეთილმეგობრულ გარემოში, სადაც გამართული დისკუსიის შედეგად შეხვედრის მონაწილეების მხრიდან ერთხმად დადასტურებული იქნა ის ფაქტი, რომ ნარიმან ნარიმანოვმა როგორც საბჭოეთის ცნობილმა მესვეურმა განახორციელა ანტირელიგიური და ანტიეროვნული ნეგატიური საქმიანობა თავისი პროლეტარული მოღვაწეობის პერიოდში.
მასალა მოამზადა ბექა კვიციანმა