რუსეთის ბირთვული პოტენციალი წარმოადგენს ახალ გამოწვევას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის – ნატოს შეკავებისა და თავდაცვის სისტემებისათვის.
ასეთი მოსაზრება გამოთქვა ალიანსის ბირთვული პოლიტიკის დირექტორმა ჯესიკა კოქსმა სტატიაში, რომელიც ჟურნალ NATO Review-ში გამოქვეყნდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, ძირითადად დაეყრდნოს ბირთვულ შეიარაღებებს, რათა წინ აღუდგეს ნატოს უპირატესობას ჩვეულებითი შეიარაღებების სახეობებში. ნატოს ოფიციალური პირი კოქსი ასევე მიუთითებს სტატიაში, რომ რუსეთმა, 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, მოახდინა სტრატეგიული ბირთვული ძალების დაახლოებით 80%-ის მოდერნიზება და ამ მხრივ აშკარად ფლობს უპირატესობას ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რუსეთი უკეთ არის მომზადებული ახალ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებზე, წყალქვეშა ნავებისა და ბომბდამშენების რაკეტებზე ბირთვული საბრძოლო ქობინების დასაყენებლად. ეს უპირატესობა უფრო თვალსაჩინო იქნება, თუკი სტრატეგიულ შეიარაღებებზე კონტროლი აღარ გაგრძელდება:
“ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ პროგრესი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღებების კონტროლის რეჟიმზე ხელშეკრულების (რუსული აბრევიატურა -ДСНВ , არაოფიციალურად СНВ-3 – “ნიუსფრონტის” შენიშვნა) გაგრძელების განხილვებში არ შეინიშნება” – აღნიშნულია ნატოს ჩინოვნიკის მიერ თავის სტატიაში.
ნატოს ბირთვული პოლიტიკის დირექტორი კოლეგებს ასევე აფრთხილებს რუსეთში შემუშავებულ ახალი ტიპის შეიარაღებებზეც, რომელთა გამოცდაც ამჟამად მიმდინარეობს.
ჯ. კოქსის აზრით, ყველაზე დიდი ჩამორჩენა ნატოს რუსეთთან შედარებით აქვს ტაქტიკური და არასტრატეგიული ბირთვული შეიარაღებების სფეროში (ამ ფაქტს ამერიკელი სამხედროებიც ადასტურებენ), სადაც რუსეთი 1500-2000 ასეთ რაკეტას ფლობს, ხოლო აშშ მხოლოდ 150-200 ცალს.
შეგახსენებთ, რომ СНВ-3 -ის მოქმედების ვადა 2021 წელს იწურება და იგი მიიჩნევა ბოლო ბარიერად, მსოფლიოში მაღალტექნოლოგიური შეიარაღებების შეჯიბრის განახლების გზაზე.