საზოგადოებას ვერ გავამხნევებ, რომ ქორწილის გადახდა ნებადართული იქნება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილი განცხადებით, იუბილეს რესტორნებში გადახდა ვერ იქნება ნებადართული, ასევე ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც ფართო თავშეყრას უკავშირდება

ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

“გამიხარდებოდა მესაუბრა იმაზე, რომ იცით რა, ხვალიდან შეზღუდვები იხსნება და ხვალიდან დაშვებულია ქორწილები, იუბილე, სოციალური ღონისძიებები, თუმცა, ამას ვერ გეტყვით. არ მაქვს უფლება, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, ვინაიდან, თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რის წინაშე ვდგავართ. უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის წესი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის განსაზღვრული და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ვიმოქმედოთ. ამიტომ, კოლეგებო, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დღეს ჩვენს საზოგადოებას ვერ მივაწვდი ამ ინფორმაციას და ვერ გავამხნევებ მათ იმ თვალსაზრისით, რომ ქორწილის გადახდა ნებადართული იქნება. სამწუხაროდ, ეს ასე არ იქნება. ვერ იქნება ვერც იუბილეს რესტორნებში გადახდა ნებადართული, ვერ იქნება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც ფართო თავშეყრას უკავშირდება”-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

შეგახსნებთ: კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით.

 

 

 

 

 

 

“აიპრესი”