აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა საერთაშორისო საკითხებში თანაშემწე დაასახელა

აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბჟანიამ თავისი თანაშემწე საერთაშორისო კავშირების საკითხებში დანიშნა. ეს პიროვნებაა ახრიკ ავიძბა, რომლის ბიოგრაფიასაც გთავაზობთ.

ახრიკ ავიძბა დაიბადა 1986 წლის 27 იანვარს სოჭში. მამამისი წარმოშობით გუდაუთის რ-ნის სოფელ ააციდან იყო, დედა – ლიხნიდან. ავიძბა აფხაზეთში 2011 წელს გადავიდა, სოჭის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ.

2014 წელს ავიძბა მოხალისედ გაემგზავრა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში და გახლდათ ინტერნაციონალური რაზმის პირველი მეთაური, შემდეგ დააარსა ბრიგადა “Пятнашка”. თავად ავიძბას რაციაში მოსახმობი მეტსახელი იყო “Абхаз”.

2017 წელს ავიძბამ თავისი კანდიდატურა წამოაყენა აფხაზეთის ე. წ. სახალხო ყრილობაზე, სოხუმის #1 საარჩევნო ოლქიდან, მაგრამ ვერ გაიმარჯვა.

2019 წლის ნოემბერში სოხუმში უცნობმა პირებმა დაცხრილეს ადამიანთა ჯგუფი. დაიღუპნენ ალხას ავიძბა, ასტამურ შამბა და რესტორნის “სან-რემო” თანამშრომელი ქალბატონი დომინიკა აქირთავა. მკვლელები მიიმალნენ.

ახრიკ ავიძბა დაცხრილული ალხას ავიძბას ნათესავია, მან, სხვა ნათესავებთან, ასევე, დაღუპული შამბას ნათესავებთან ერთად, 2 დეკემბერს, სოხუმის ცენტრალურ მოედანზე, მოაწყო მიტინგი, რომელზეც მოითხოვეს შსს მაშინდელი მინისტრის, გარი არშბას გადადგომა, რადგან, როგორც ავიძბამ განაცხადა, ქვეყანაში კრიმინალთან ბრძოლა არ ხდება.

2020 წლის 9 იანვარს სოხუმში ახალი ძალით დაიწყო საპროტესტო აქცია, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ისევ და ისევ ახრიკ ავიძბა იყო. მომიტინგეებმა პროტესტი გამოხატეს გამოძიების უმოქმედობის გამო. პარალელურად, სასამართლოში მიმდინარეობდა აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გაპროტესტება დამარცხებული კანდიდატის, ალხას კვიცინიას მომხრეების მიერ. ამ ყველაფერმა ერთად პროტესტი გააძლიერა და მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.

საბოლოო ჯამში, როგორც ცნობილია, რაულ ხაჯიმბას მოუწია პრეზიდენტის პოსტის დატოვება. შენობაში შეჭრის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი კი ახრიკ ავიძბა გახლდათ.