20 ლარზე საქართველოში ბევრი რამ კეთდება, მათ შორის, ფერად რევოლუციებში მონაწილეობაც მოსახლეობის მხრიდან. ამჟამად პრემიერი მოსახლეობას ყოველწლიურ 20-25 ლარის პენსიის მატების გარანტიას აძლევს.
მაგრამ წელს, 70 წელზე უფროს ასაკელებისთვის, გამონაკლისის სახით, მთელი 30-ლარიანი (!) მატება იქნება: პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 70 წელს ზემოთ ადამიანებს პენსია 30 ლარით 1 ივლისიდან გაეზრდებათ. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებით შენარჩუნდა პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გამოცხადებული იყო დასაწყისიდან.
“რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იყო აბსოლუტურად სხვა. შენარჩუნებული მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს 70 წლის ზემოთ, პირველი ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით, მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი”, — თქვა გახარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაზღვევის მექანიზმის შედეგად, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, მიუხედავად ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდისა.
“მნიშვნელოვანია ის, რომ არის შექმნილი და დაფიქსირებული ქვედა ჩამკეტები — არც ერთ შემთხვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლის პირობებშიც, ჩვენი თითოეული პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს ყოველწლიურად, 70 წლამდე, ხოლო 70 წელს ზემოთ — 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას შეუძლია გარანტირებულად ჩვენს პენსიონერებს შესთავაზოს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და ყველამ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა“, — აცხადებს გახარია.
მისივე ინფორმაციით, წელს დამატებით 58 სოფელს მიენიჭა მაღალმთიანის სტატუსი, ჟამში — 1800 დასახლებულ პუნქტს.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, პენსიები ყოველწლიურად მინიმუმ 20-25 ლარით გაიზრდება. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 70 წლამდე პენსიონერების პენსიის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით მოხდება, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტის მიხედვით გაიზრდება. ამასთან, დაწესებული იქნება ქვედა ზღვარი — 70 წლამდე მოქალაქეებისთვის პენსია მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება, ხოლო 70 წელზე ზემოთ პენსიონერების, მინიმუმ 25 ლარით.