ზალკალიანი უკრაინას საყვედურობს სააკაშვილის გამო და ამ ქვეყნის ელჩს იბარებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ძებნაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად უკრაინელი ჩინოვნიკის, მ. სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა:

“სწორედ ეს არის ზუსტად ის საკითხი, რის გამოც ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიდგომა და რის გამოც, ჩვენ ელჩი გამოვიწვიეთ კონსულტაციებზე და სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომ ადამიანი, რომელიც ინიშნება ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, რომელიც არის ძებნილი და რომელსაც ქართული მართლმსაჯულება ოთხი დამოუკიდებელი ქეისის მიმართულებით სთხოვს პასუხს, სწორედ ამ მიმართულებით იყო მოლოდინი, რომ ის გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას.

ბუნებრივია, ის განცხადება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, არის პირდაპირი ჩარევა უკრაინის მოქალაქის, რომელიც ამჟამად არის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში.

შეგვიძლია, სიტყვა-სიტყვით გავშიფროთ მისი თითოეული გამონათქვამი და მე მაინტერესებს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან და ამის შესახებ გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, დავიბარებთ ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს რადგანაც ეს არის აშკარა, პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის მაღალჩინოსის სხვა ქვეყნის და არა უბრალოდ სხვა ქვეყნის, არამედ სტრატეგიული პარტნიორის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმენთ საქართველოში უკრაინის ელჩის განმარტებებს.“ – აცხადებს ზალკალიანი.