როგორ აკავშირებს საქართველოს რუსეთთან არა მხოლოდ ღვინო, არამედ ჩაიც

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, ჩაკეტილი საზღვრების გამო თურქეთში, რიზეს პროვინციაში ჩაის კრეფაზე დასაქმებულმა ქართველებმა ქვეყანაში ჩამოსვლა ვეღარ შეძლეს და ისინი სენეგალელმა, ავღანელმა და უზბეკმა მუშახელმა ჩაანაცვლა, – ამის შესახებ თურქულ გამოცემა Hurriyetdaily-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ქალაქი 40 000-მდე უცხოელს ელოდა, თუმცა საზღვრების ჩაკეტვის გამო მათ თურქეთში ჩასვლა ვერ მოახერხეს და რეგიონის ჩაის პლანტაციებში მუშახელის ნაკლებობის პრობლემა შეიქმნა. გამოცემა წერს, რომ თურქეთში მცხოვრებმა სენეგალელებმა, ავღანელელებმა და უზბეკებმა, რომლებსაც თურქეთში მუშაობის უფლება აქვთ, ქართველი მუშახელი ჩაანაცვლეს – წერს სააგენტო.

კეთილი და პატიოსანი. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ რა ცუდი ამბავია, რამდენი ქართველი ზის ახლა უმუშევარი და ვერ გადის თურქეთში, პლანტაციებზე სამუშაოდ, ქართველების ნაცვლად კი სენეგალელები, ავღანელები და უზბეკები შოულობენ ფულს.

მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე. ნორმალური მთავრობის პირობებში ეს ახალი ამბავი კარგი ახალი ამბავი იქნებოდა, რადგან დაუსაქმებელი ქართველი მუშახელი არა თურქების ჩაის პლანტაციებზე უნდა მუშაობდნენ მცირე ანაზღაურებით, არამედ, საკუთარი ქვეყნის ჩაის პლანტაციებს უნდა აშენებდნენ!

თუნდაც ანაზღაურება პირველ ეტაპზე თურქულზე უფრო მცირე იყოს, ადამიანი სამშობლოში მაინც იქნება და იმის რწმენით იმუშავებს, რომ თავის ოჯახს და მთელ ქვეყანას სარგებელს მოუტანს მცირედით მაინც, ეს მცირედი კი მომავალში აუცილებლად გაიზრდება.

მაგრამ მთავრობას (და არც “კოჰაბიტირებულ” ოპოზიციას) არ სურს ეროვნული წარმოების აღორძინება. პრემიერმინისტრის მიერ სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობის თაობაზე ნასროლი ლამაზი სიტყვები სიტყვებადვე რჩება. გაზარმაცებული ხალხის დიდ ნაწილსაც, სავარაუდოდ, ურჩევნია, მათხოვრულად გადმოგდებული ერთჯერადი “დახმარება” 300 ლარის ოდენობით აიღოს, ვიდრე მთავრობა აიძულოს, ქვეყანაში შექმნას სამუშაო პირობები და თვითონ შრომაში დაიხარჯოს.

მაგრამ ერთ წუთს ისიც წარმოვიდგინოთ, რომ მთავრობის წევრებს თავები გაუნათდათ და, ჩაის წარმოების აღორძინებას დაუჭირეს მხარი. რა პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა? – გასაღების პრობლემის წინაშე, ვინაიდან დიდი მასშტაბით წარმოება რენტაბელურია მაშინ, როდესაც ნაწარმი დიდი მასშტაბის ბაზარზე საღდება. სად არის ქართული ჩაისთვის პოტენციური დიდი გასაღების ბაზარი? – რა თქმა უნდა, ტრადიციულად, რუსეთშია.

ახლა ის ვიკითხოთ – ჩვენი “პოლიტელიტებიდან” ვის აწყობს საქმის ასეთი ვითარება? ლიბერალ-ფაშისტები იმითაც ფრიად გაღიზიანებულნი არიან, რომ ღვინით, მინერალური წყლითა და ციტრუსებით “მიბმულნი” ვართ რუსეთზე, ახლა ჩაი რომ დაემატოს ამ ყველაფერს, ხომ საერთოდ გაგიჟდებიან და ჩვენს აკანკალებულ მთავრობას რა დაემართება, ხომ წარმოგიდგენიათ?!

ამიტომ ყველაფერი ძველებურად დარჩება: მათხოვრად ქცეული, “კარანტინში” გამოკეტილი ხალხი დაელოდება და ჯორული მოთმინებით აიტანს შიმშილს; შემდეგ კი, ოდესმე, თურქეთის საზღვარიც გაიხსნება და დავიწყებთ კონკურენციას სენეგალელ, ავღანელ და უზბეკ მუშა-ხელთან.

ტკბილია ე. წ. დამოუკიდებლობა!

 

კესანე თურქია