“კოვიდ 19” და უმუშევრობის მაჩვენებლები

უკანასკნელი თვეების მანძილზე მსოფლიო პანდემიის ფონზე სხვადასხვა ქვეყნების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შენელება გამოიწვია. გაჩერებული სასტუმროები, რესტორნები, საცალო მაღაზიები, შეწყვეტილი საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა, დაცარიელებული მუზეუმები, კაზინოები და სპორტული მოედნები უამრავ დაკარულ სამუშაო ადგილს და შემცირებულ შემოსავლებს გულისხმობს.

მსოფლიოს მასშტაბით, განურჩევლად ქვეყნისა და სექტორისა, დასაქმებულთა მნიშვნელოვან ნაწილზე უარყოფითად აისახა მიმდინარე პანდემიით გამოწვეული კრიზისი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია გამოყოფს რამდენიმე სექტორს, რომელიც ყველაზე ძლიერ დაზარალდა მიმდინარე კრიზისის პერიოდში, ესენია საკვები პროდუქტების მწარმოებელი, საბითუმო და საცალო რეალიზაციის მიმართულებები, ასევე, განთავსების საშუალებები, კვების ობიექტები და მრეწველობის სექტორი.

ტურიზმის სექტორი, რომელიც მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტზე მეტს ქმნიდა, მიმდინარე კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით დაზარალდა. მაგალითისთვის, ევროკავშირის ტურიზმის სექტორი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის შემოსავალს კარგავს ყოველთვიურად.

მოგზაურობაზე მკაცრი შეზღუდვებისა და მოსალოდნელი გლობალური რეცესიის ფონზე, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის შეფასებით, ინდუსტრიის შემოსავალი შესაძლოა 252 მილიარდი დოლარით შემცირდეს, რაც 44 პროცენტიანი კლება იქნება 2019 წლის მონაცემთან შედარებით.

საკარანტინო ზომებმა ტექსტილის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ინდუსტრიებში, მნიშვნელოვნად შეამცირა მომხმარებლების მოთხოვნა. მაგალითისთვის, ბანგლადეშში გაუქმებულმა შეკვეთებმა 33 მილიარდი დოლარის ღირებულების დანაკარგი წარმოქმნა და დაახლოებით 2 მილიონ დასაქმებულზე უარყოფითად იმოქმედა.

რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა სოფლის მეურნეობას. აღნიშნულის კარგი მაგალითია კენიის მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩაის ბაზარი, სადაც ვაჭრობა აღმოსავლეთ აფრიკის ძირითადი ქვეყნების მონაწილეობით მიმდინარეობს. ბაზრის დროებითმა შეჩერებამ უმძიმესი ეკონომიკური შედეგები მოუტანა ადგილობრივ და რეგიონის მოსახლეობას.

მიწოდების ჯაჭვი სრულად დაირღვა და ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა მანქანათმშენებლობის სექტორი, სადაც გლობალურად დაახლოებით 14 მილიონი ადამიანია დასაქმებული. აღნიშნული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ როგორც ევროპელი ასევე ამერიკელი ავტომწარმოებლები. მიწოდების ჯაჭვის კონცენტრირებულობის გამო პანდემიის საწყის ეტაპზე დაწესებული შეზღუდვების პარალელურად ავტომწარმოებლები ჩინეთში განთავსებული ავტომობილების დეტალების დამამზადებელი კომპანიებიდან დეტალების მიღების პროცესში მნიშვნელოვან შეფერხებებს წააწყდნენ.

შრომის სტატისტიკის ბიუროს ახალი მონაცემები გვიჩვენებს კორონავირუსის პანდემიის უდიდეს გავლენას ამერიკის შეერთებული შტატების შრომის ბაზარზე. აპრილის მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელმა 14.7 პროცენტი შეადგინა და  მარტის 4.4 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნული 20 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას ნიშნავს. უმუშევრობის მაჩვენებლის ეს კატასტროფული ზრდა ყველაზე მეტად გართობა, დასვენება და სასტუმროების სექტორს შეეხო, სადაც დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებამ 45 პროცენტს გადააჭარბა. კრიზისმა მნიშვნელოვნად დააზარალა ვაჭრობის, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების სექტორები, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 11 პროცენტით შემცირდა.

აღნიშნული მაჩვენებლები მჭიდრო კავშირშია უმუშევრობის დაზღვევის მოთხოვნათა რაოდენობასთან. ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სტატისტიკის ბიუროს ცნობით ბოლო 7 კვირის განმავლობაში დაფიქსირებული უმუშევრობის დაზღვევის მოთხოვნების რაოდენობამ 33 მილიონი შეადგინა. ანალოგიურმა მაჩვენებელმა აპრილის ბოლო ორი კვირის განმავლობაში 6 მილიონს გადააჭარბა. შედარებისთვის, 2007-2009 წლების მსოფლიოს გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდშიც კი, აღნიშნული მაჩვენებელი კვირაში 700 ათასს არ აღემატებოდა.

სამუშაო ადგილების დაკარგვის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი დასაქმებულების რიცხვი, რომლებიც კრიზისის დაწყების შემდეგ ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ, მაგრამ სრულ განაკვეთზე მუშაობის სურვილი აქვთ. ასეთი ადამიანების რაოდენობა, მარტში დაფიქსირებული 5 მილიონიანი მაჩვენებლიდან თითქმის 11 მილიონამდე გაიზარდა. დამატებით, აპრილის თვეში  2.3 მილიონმა ადამიანმა შეწყვიტა სამუშაოს ძიება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 37 მილიონი დასაქმებული, რაც მთლიანი დასაქმების 23 პროცენტს შეადგენს მუშაობს ისეთ ინდუსტრიებში, რომლებიც წარმოადგენენ სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის მიმართულებებს.

უმუშევრობის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით სხვა ქვეყნებში შედარებით მსუბუქი მდგომარეობაა. მაგალითად, იაპონიაში მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი 2.5 პროცენტს შეადგენდა. სანაცვლოდ, ისტორიულ მინიმუმზეა დამსაქმებელთა მხრიდან ახალი პოზიციების შეთავაზების მაჩვენებელი. აპრილის მონაცემებით გერმანიაში 373 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და უმუშევრობის მაჩვენებელმა 5.8 პროცენტი შეადგინა. აპრილში კანადაში უმუშევრობის მაჩვენებელმა 13 პროცენტს მიაღწია და 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიმართა სახელმწიფოს უმუშევრობის დახმარების მოთხოვნით.

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიზისის გახანგრძლივების შემთხვევაში უფრო მეტი ადამიანი დაკარგავს სამსახურს და სახელმწიფოებს ამ და სხვა მიმართულებებით მეტი სტიმულირების პაკეტების ინიცირება მოუწევთ. აღნიშნული კი ორმხრივ უარყოფით გავლენას იქონიებს სხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტზე. ერთის მხრივ, საგადასახადო შემოსავლების შემცირების, მეორეს მხრივ, პანდემიის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯების შედეგად გაზრდილი სახელმწიფო დანახარჯების გზით.

 

რევაზ გერაძე

forbes.ge