„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ლელო“ არ შექმნილა ორპოლუსიანობის გასამყარებლად. მისი თქმით, „ლელო“ შეიქმნა ორპოლუსიანობის დასამარცხებლად.
ამ განცხადებით გეგელია ერთიანი საარჩევნო სიის შექმნაზე ოპოზიციური პარტიების მიმართ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა.
„ჩვენი მიზანია ეს მოჯადოებული წრე ერთხელ და სამუდამოდ გაირღვეს და ქართული პოლიტიკა შინაარსობრივად განახლდეს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი დღის წესრიგი და ამოცანები აქვს, ჩვენ კი ჩვენი. სააკაშვილი თვლის, რომ ორპოლუსიანობა არის საშველი და გამოსავალი. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ორპოლუსიანობა თავადაა პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოჯადოებულ წრეზე დაატარებს.
„ლელოს“ არასდროს უმოქმედია სხვების მიერ დადგენილი დღის წესრიგით და არც ამჯერად იმოქმედებს ასე. ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებთან და ამომრჩევლებთან ერთად ვადგენთ ქმედების კურსს, გვაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური განახლების ნათელი ხედვა და ვიბრძოლებთ შეუპოვრად იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა განახლდეს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
1tv.ge