სალომე ზურაბიშვილს “ძველი გვარდია” აღარ სჭირდება – პრეზიდენტის შეტევა ზვიად კვაჭანტირაძეზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში “ვირუსოლოგობს” და წერს:

“ზოგზოგიერთები ავრცელებენ ძალიან უპასუხისმგებლო ინფორმაციას, ჯანმოს განცხადებებზე ვითომცდა დაყრდნობით. ვითომც ასიმპტომატური ადამიანებისგან იშვიათად თუ გადაიცემა ვირუსიო და ამდენად დისტანცირების წესების მკაცრად დაცვა ნუთუ გამართლებულიაო.

გუშინ გავრცელებული ჯანმოს საინფორმაციო ვიდეო პირიქით აჩვენებს,რომ ასიმპტომატური ისევე როგორც პრესიმპტომატური (უკვე ინფიცირებული მაგრამ ჯერ უსიმპტომო ადამიანი რაც სამ დღემდე შეიძლება გაგრძელდეს) ადამიანებისგან ასევე ვრცელდება ვირუსი ახლო კონტაქტის პირობებში.

მე კი მგონია, რომ აფეთქების პრევენცია და მიღწეული შედეგის შენარჩუნება ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას განაპირობებს და ყველასი ინტერესში უნდა იყოს. ვერ ვხდები რას ემსახურება ასეთი “განსხვავებული აზრის” გავრცელება… ალბათ თავის გამოჩენას … და ნამდვილად არა ქვეყნისა ან საზოგადოების კეთილდღეობას!”-  წერს ზურაბიშვილი.

 

“ნიუსფრონტისგან”: პრეზიდენტი გულისხმობს ზვიად კვაჭანტირაძეს, რომელმაც სწორი ინფორმაცია გაავრცელა, დეზინფორმირებული და დეზინფორმატორად (იმედია, უნებურად) ქცეული პრეზიდენტისაგან განსხავავებით. ჩვენი სააგენტოსთვის ასევე ცნობილია, რომ მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი და მთელი “ქართული ოცნება” კბილებდაღრეჯილები ევედრებოდნენ “ძველ გვარდიას”, არიქა, მხარი დაგვიჭირეთ არჩევნებზეო, ზვიად კვაჭანტირაძე გვერდიდან არ მოსცილებია მას. თუმცა დავუბრუნდეთ საქმის არსს:

მაშ ასე, 9 ივნისს შედგა ჯანმოს პრესკონფერენცია, რომელზეც ამერიკელმა ექიმმა-ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერკჰოფმა მკაფიოდ განაცხადა, რომ როდესაც საუბარია უსიმპტომო პაციენტებზე, უნდა გამოვყოთ პაციენტები, რომლებიც დაავადებას უსიმპტომოდ იტანენ, ასევე ისინი, რომელთა სიმპტომებმაც ჯერ ვერ მოასწრეს გამოვლენა ან ეს სიმპტომები მსუბუქ ფორმებშია მოცემული. ადამიანები, რომელთა სიმპტომები საერთოდ არ გამოიხატება, გაცილებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ გარშემო მყოფთათვის, ვიდრე ისინი, რომელთა დაავადება სიმპტომებით ვლინდება.