არჩევნების ვადის გადაწევა შეიძლება მხოლოდ იმ სიტუაციაში, როცა საგანგებო ვითარებაა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის განცხადებით,  არჩევნების ვადის გადაწევა მხოლოდ იმ სიტუაციაში შეიძლება, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ამის შესახებ  გია ვოლსკიმ ჟურნალისტების დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც  საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესაძლო შეცვლაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებს ეხება.

მისი განმარტებით,  თუ სახელმწიფოში საგანგებო ვითარება შეიქმნება, ამას მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტიული ხელმძღვანელობა კი არ დაადასტურებს, ეს იქნება საქვეყნოდ აღიარებული თემა, მათ შორის ოპონენტების მიერ.

“არჩევნების ვადის გადაწევა შეიძლება მხოლოდ იმ სიტუაციაში, როცა საგანგებო ვითარებაა. საგანგებო ვითარება თუ შეიქმნა სახელმწიფოში, ამას მარტო “ქართული ოცნების” პარტიული „ლიდერშიპი“ კი არ დაადასტურებს, ეს იქნება საქვეყნოდ აღიარებული თემა, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების მიერ. ცდილობენ ეს რეალობა გამოიყენონ პოლიტიკური განცხადებებისთვის და ამბობენ, თითქოს “ქართულ ოცნებას” არჩევნების დეკემბერში ჩატარება აწყობს. საზოგადოება სასიკვდილო საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს, ეს თვითონაც კარგად იციან. არც მალავენ, ამბობენ ამას, მაგრამ ჟურნალისტების საყურადღებოდ ამატებენ, თითქოს “ქართულ ოცნებას” უნდა გადაწევა. დამარცხების შიში გვაქვს და რაც უფრო გვიან დამარცხდებიან უკეთესიაო? – არალოგიკურია, არ მინდა სიტყვა „სისულელე“ გამოვიყენო” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ  თუ ოქტომბრისთვის ვირუსის მეორე ტალღა იქნება, შესაძლოა, არჩევნების დეკემბერში ჩატარება გახდეს საჭირო.

ოპოზიციაში  აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” პანდემიის თემით მანიპულირებას ცდილობს და არჩევნების ჩატარების დეკემბრისთვის გადაწევას იმის გამო ცდილობს, რომ წაგების ეშინია

 

 

 

“აიპრესი”