ბოლნისის რაიონის სოფელი გეტა ზუსტად ერთთვიანი იზოლაციის შემდეგ დღეს გაიხსნა. სოფელში ლაბორატორიულად დადასტურებული 18 შემთხვევა უკვე გამოჯანმრთელდა. “კურიერმა” დღეს გახსნილ სოფელში პირველი ინფიცირებული მამაკაციც ჩაწერა. გეტაში “კოვიდ-19” დაამარცხეს და 150 ოჯახიანი დასახლება ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა.
პირველი ინფიცირებული მამაკაცი, ვის გამოც სოფელი გეტა მთელი თვით ჩაიკეტა – ბახმან აბდულეევი დედაქალაქში სასწრაფო დახმარებამ გულის პრობლემით გადაიყვანა, მოგვიანებით კი “კოვიდ-19” დაუდგინდა. დაინფიცირდნენ მისი ოჯახის სხვა წევრებიც. სოფელში სულ 18 კოვიდ ინფიცირებული იყო. დღეს უკვე ყველა გამოჯანმრთელებულია და სოფლის ერთთვიანი იზოლაციაც დასრულდა.
რაც შეეხება ცხოვრების რეჟიმს, სოფლის მკვიდრების თქმით, მათთვის დიდად არაფერი შეცვლილა. კარანტინამდეც და კარანტინის შემდეგაც ძირითადად საქონელს და შინაურ ფრინველებს უვლიდნენ, ამუშავებდნენ მიწას და ასე გაჰქონდათ თავი.
ჩაკეტილ სოფელში ცხოვრება ყველაზე მეტად ახალგაზრდებს გაუჭირდათ. ენატრებოდათ გარეთ სეირნობა, მეგობრები და გართობა, რომელიც მათ ჩაკეტილ სოფელში შეწყვეტილი იყო.
ბოლნისის რაიონის სოფელი გეტა 15 მაისს ჩაიკეტა. გადაადგილებას ყველა მისადგომთან სამართალდამცველები აკონტროლებდნენ. სოფელში მხოლოდ მედიკამენტებისა და სურსათის შეტანა იყო შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით 150 ოჯახიან დასახლებაში ახალი კორონავირუსი არავის აქვს, ამიტომ სოფელი კვლავ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.
“კურიერი”