ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადეს

4000 კვადრატულ მეტრამდე დამწვარი სასაწყობე ჯიხურები და ათობით დაზარალებული. ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრით მიყენებულ ზარალს ითვლიან.

ამ დროისთვის ცეცხლი სრულად არის ლიკვიდირებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

მოვაჭრეების ნაწილმა ტერიტორიიდან გადარჩენილი პროდუქციის ნაწილი უკვე გამოიტანა.

ვარკეთილის ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ვისაც დახლები ჰქონდა, დაზღვევის ფინანსური რესურსი არ ჰქონია და სწორედ ამიტომ, უმრავლესობა დაზღვევის გარეშეა დარჩენილი.

მოვაჭრეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, მათ დილიდან გზის გადაკეტვაც სცადეს.

თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის კახა სამხარაძის განცხადებით, მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე მოხვედრას მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც შესაბამისი სამსახური ამის უფლებას მისცემს.

“ყველაფერი უსაფრთხოებიდან გამომდინარეა, როდესაც მისცემენ საშუალებას, შევლენ უპრობლემოდ. ბაზრის წარმომადგენლებთან გვექნება შეხვედრა და მოვილაპარაკებთ დეტალებზე,”- განაცხადა კახა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით ვარკეთილის ტერიტორიაზე შერეულ ბაზრობას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ჯიხურების დიდი ნაწილი დაიწვა, მთელი ღამის მანძილზე ბაზრობის ტერიტორიაზე 25 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული და დილამდე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ.

 

 

“კურიერი”