“ნიუსფრონტი”: ნიკა გვარამია ტყუილად არ ხმაურობს ქავთარაძის ქუჩაზე დაკავებული პირის გამო, მაგრამ…

12 ივნისს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, სუს-ის მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგად ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე დააკავეს.

ოფიციალური ვერსიით, რომელიც მთავრობის მომხრე “იმედმა” გააჟღერა, საქმე ეხებოდა ნარკოდანაშაულს, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოები არანაირ სხვა ინფორმაციას არ იძლეოდნენ – “გამოძიების ინტერესებიდან” გამომდინარე.

“ნიუსფრონტმა” მაშინვე ივარაუდა, რომ  “საქმე როდესაც ნარკოდანაშაულს ეხება, ასეთი გასაიდუმლოება არ ხდება ხოლმე. ვნახოთ, იმედია, მალე გაირკვევა საქმის ვითარება და ხელისუფლებას მორიგი ტერორისტი არ ჰყავდა შეფარებული, რომელიც ახლა დასაჭერი გაუხდა”.

ჩვენი პროგნოზი ამჯერადაც დადასტურდა, საქმე ნარკოდანაშაულს ნამდვილად არ ეხება. როდესაც ნარკოდანაშაულზეა საუბარი, სამართალდამცავი ორგანოები ყოველთვის ამაყად წარმოადგენენ ნივთმტკიცებულებებს, დამნაშავეთა წრეს და ა. შ. თუკი გამოძიების ინტერესები არ უნდა დაზარალდეს, მაშინ საერთოდ არ იქნებოდა არც დაკავებულის ეროვნება და არც მისი დაკავების მიზეზი ერთ კონტექსტში გაჟღერებული. ის, რომ საქმე პოტენციურად ტერორიზმის თემას ეხება, 15 ივნისის საღამოს ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაადასტურა, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით.

ამ შემთხვევაში, გვარამიას ნაწილობრივ დაეჯერება, რადგან მას მართლაც მიუწვდება ხელი გარკვეულ ინფორმაციებზე, რაც უკრაინასთან არის კავშირში, ოღონდ, რა თქმა უნდა, მას ნახევარსიმართლეც არ უთქვამს, მან მხოლოდ სიმართლის 1/10 თუ გააჟღერა, სავარაუდოდ.

კერძოდ, გვარამია ამტკიცებს, რომ დაკავებულია ინგუში (და არა ჩეჩენი) ეროვნების რუსეთის მოქალაქე – “ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან, არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაბუნია, თავისი უხამსი და ფრეიდიზმის კონტექსტში ასახსნელი გამოხტომებით (ისევე, როგორც თავად ნიკა გვარამია) არ წარმოადგენს რუსეთის სპეცსამსახურების და არც რამზან კადიროვის ყურადღების ობიექტს. რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი სატელევიზიო გამოსვლიდან, რომელიც გაბუნიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში გაუშვა, უკვე თითქმის 1 წელიწადი გავიდა, რაც საკმარისზე მეტი დრო იყო იმისათვის, რომ დუდაევის, ბასაევის, მასხადოვის, იანდარბიევის და კიდევ ბევრი სხვა ცნობილი ტერორისტის გამანადგურებელ რუსულ სპეცსამსახურებს ვიღაც ტილიანი გაბუნიასათვის მოკითხვა გაეგზავნათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. პირველ რიგში, თავად რუსეთის პრეზიდენტი დარჩა სრულიად გულგრილი გაბუნიას ავადმყოფური “სპიჩის” მიმართ, რომელიც ისევ გაბუნიას და მის ოჯახს, მის სამეგობროს, ყველა მის მხარდამჭერს არცხვენს და არა პუტინს.

ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია გამოვთქვათ, რა არის ინგუში ეროვნების რუსეთის მოქალაქის დაკავების რეალური მიზეზი, მაგრამ ვინაიდან საქმეში უკრაინა ფიგურირებს, არ არის გამორიცხული ორი შესაძლებლობა: 1) დაკავებული პირი არის სააკაშვილის უკან მდგომი და მისი მმართველი ძალების კიდევ ერთი ტერორისტული მცდელობის შემადგენელი ნაწილი (რასაც ადგილი, როგორც ცნობილია, არაერთხელ ჰქონია – თუნდაც თბილისში 2018 წელს სემენჩენკოს ჯგუფის დაკავება გავიხსენოთ!) ან 2) უკრაინული სპეცსამსახურები ახდენენ ქართული სპეცსამსახურების დეზინფორმირებას, რაც ისევ და ისევ პროვოკაციას წარმოადგენს.

“ნიუსფრონტი” შეეცდება, თუკი შესაძლებელია, საქმის რეალური ვითარება უფრო კონკრეტულად წარმოაჩინოს.