სადაზღვევო კომპანია მზად არის აუნაზღაუროს დანაკარგები ვარკეთილის ბაზრობაზე დასაქმებულ ყველა დაზარალებულს

სადაზღვევო კომპანია, სადაც ვარკეთილის ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებს დაზღვეული ჰქონდათ ქონება, გამოხატავს მზაობას, აუნაზღაუროს დანაკარგები ყველა დაზარალებულს. მიმდინარეობს მოკვლევა, ყველაფრის დაზუსტება და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს ყველაფერს, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„2 დღის წინ სამგორის რაიონში შერეული ბაზრობის ნაწილი დაიწვა. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის – ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. დაიწვა ტანსაცმელი, სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების გმირული მუშაობის შედეგად ხანძრის ლიკვიდაცია შევძელით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მეხანძრე-მაშველს თავგანწირული შრომისთვის მადლობა გადავუხადო. ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე, ჩემი მოადგილე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე. ჩვენ გამოვუთქვით თანადგომა დაზარალებულ ადამიანებს. სადაზღვევო კომპანია, სადაც ამ ადამიანებს დაზღვეული ჰქონდათ ქონება, გამოხატავს მზაობას, აუნაზღაუროს დანაკარგები ყველა დაზარალებულს. მიმდინარეობს მოკვლევა, ყველაფრის დაზუსტება და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს ყველაფერს, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. დაზარალებულების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება, მერიაც მზად არის ჩაერთოს ამ განხილვებში და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს ამ ადამიანებს. ამ საკითხზე საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს“, – განაცხადა კალაძემ.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, ხანძარი 15 ივნისს ღამით გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

 

 

“იმედინიუსი”