როგორ და სად შეგიძლიათ იმოგზაუროთ აჭარაში დასვენებისას?!

აჭარაში, შიდა ტურისტებს ზღვაზე დასვენების პარალელურად, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე შეუძლიათ იმოგზაურონ. ამ ეტაპზე, რეგიონში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული.

მათ შორის, რეგიონის სტუმრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რამდენიმე საინტერესო ტურისტულ მიმართულებას სთავაზობს. ულამაზეს ბუნებაში მდებარე ტურისტული მარშუტები სრულადაა მარკირებული, მომზადებულია მათი ტურისტული რუკები, რაც მთიან აჭარაში მოგზაურობას ამარტივებს. ერთმანეთისგან ხანძლივობის, შინაარსისა და სირთულის მიხედვით განსხვავებული მარშრუტები ტურისტების სხვადასხვა კატეგორიაზეა მორგებული.

ღვინის ტური

ადგილობრივი ღვინის სახეობებისა და ტრადიციული აჭარული კერძების დაგემოვნების მსურველები აუცილებლად უნდა ესტუმრნონ ქედას, რომელიც გარდა მევენახეობისა ულამაზესი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით გამორჩეული მუნიციპალიტეტია აჭარაში. ღვინის ტურისას, გარდა საოჯახო მარნებში სტუმრობისა შესაძლებელია რეგიონში პოპულარული მახუნცეთის ჩანჩქერის, თაღოვანი ხიდების და სხვა ისტორიული ძეგლების მონახულება.

ისტორიულ-კულტურული მარშრუტი

სხალთა-ხიხანის ისტორიულ-კულტურული მარშრუტი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით გამოირჩეული მიმართულებაა მთიანაჭარაში. ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე გაფანტული ტრადიციული აჭარული სახლები, სადაც რეგიონის კულტურა და უახლოესი წარსული მოგზაურის თვალწინ ცოცხლდება აჭარული ყოფის თვალსაჩინო მაგალითია. ხეობის სავიზიტო ბარათად XII-XIII საუკუნის ხიხანის ციხე, სხალთის მონასტერი, ადგილობრივი სამზარეულო და ფოლკლორი ითვლება.

სათავგადასავლო მარშრუტი

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის სათავგადასავლო მარშრუტი ალპურ ზონაში ბდებარეობს. მასზე მოგზაურობისას ტურისტი გაივლის ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი – მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია.

მოგზაურობა აჭარულ სოფლებში

ულამაზესი ბუნებითა და სტუმართმოყვარე მასპინძლებით გამორჩეულ აჭარულ სოფლებში მოგზაურობა ცალკე ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ადგილობრივი ტრადიციებისა და ისტორიის გაცნობაში ეხმარება ტურისტებს. თუკი სოფელი მერისის სავიზიტო ბარათი უნიკალური მერისული ფოლკლორია, მაჭახელას მკვიდრები ხეობის ისტორიულ-კულტურული წარსულით იწონებენ თავს. წარსულში მოგზაურობას ჰგავს სოფელი თაგოც, სადაც სოფლის ორღობეებში სეირნობისას ტრადიციულ აჭარულ სახლებს, პატარა ეზოებს, ნალიებზე გამოფენილ ჭირნახულსა და მომღიმარე მასპინძლებს შეხვდებით.

ველომარშრუტი

ველომოყვარულებისთვის საინტერესო ტურისტული მარშრუტია მირვეთის ველომარშრუტი, რომელიც ბათუმიდან იწყება და ქალაქიდან 23 კილომეტრში მდებარე ულამაზეს, აჭარულ სოფელ მირვეთში სრულდება. სოფელში, საპიკნიკე ტერიტორიასთან სტუმრებს საშუალება აქვთ მოინახულონ მირვეთის ჩანჩქერი, XII საუკუნეში აგებული თაღოვანი ხიდი და ულამაზესი ბზების ხეივანი. იქვე შესაძლებელია კარვების გაშლა, მდინარეში ბანაობა და პიკნიკის მოწყობა.

ეკოტურისტული მარშრუტები.

ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში მდებარე 4 უნიკალური დაცული ტერიტორია სწორედ რომ აღმოჩენაა. მტირალას, კინტრიშის, მაჭახელას ეროვნული პარკები და ისპანის ჭაობი თავისი ბიომრავალფეროვნებითა და ხელუხლებელი ბუნებრივი სიმდიდრეებით საოცარ გარემოს ქმნის თაგადასავლების მოყვარულთათვის. დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას ადგილობრივი კერძების დაგემოვნების, ფოლკლორის მოსმენისა და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულების საშუალება კი დამატებითი სიამოვნებაა იმათთვის, ვინც წარუშლელი შთაბეჭდილებებისა და დადებითი ემოციების ძიებაშია.

მთიანაჭარაში მოგზაურობის მსურველებს ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე https://visitajara.com/ka/routes შეუძლიათ.

 

 

 

 

“აიპრესი”