სომხეთში “კოვიდის” ნიღბის ქვეშ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო – ამერიკელები ხმას არ იღებენ

სომხეთის პარლამენტმა 16 ივნისს ფარული კენჭისყრის დროს სამართლადამცავ ორგანოებზე დეპუტატ გაგიკ ცარუკიანის დაპატიმრების ნებართვა გასცა.

სურათზე: გაგიკ ცარუკიანი.

 

მანამდე სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ დეპუტატის ხელშეუხებლობა ჩამოართვა ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, რომელსაც პროკურატურა ბრალს დებს გადასახადების დამალვას და ამომრჩევლების მოსყიდვაში, რასაც თითქოს 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი.

პარლამენტში კენჭისყრამდე საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა გაგიკ ცარუკიანი, რომელმაც მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო ბრალდებას-შეთითხნილი. ცარუკიანმა კვლავ გაიმეორა, რომ სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანა გამოუვალ კრიზისამდე მიიყვანა და იგი მთელი შემადგენლობით უნდა გადადგეს.

იუწყებიან, რომ პარლამენტში გამოსვლის შემდეგ გაგიკ ცარუკიანი სომხეთის უშიშროების სამსახურში მივიდა დაკითხვაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

სომხეთის მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ცარუკიანმა მას შემდეგ დაიწყო მთავრობის კრიტიკა, რაც შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული პროცესუალური ღონისძიებები. ცარუკიანი კი პირიქით ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ მოქმედებები მთავრობის მისამართით მისსავე კრიტიკას მოჰყვა.

ცარუკიანმა შეახსენა საზოგადოებას, რომ მან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოითხოვა მთავრობის დათხოვნა, რადგან იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. ოლიგარქმა ოპოზიციონერმა, ასე ვთქვათ, “დაიგინა”, რომ იგი უკან არ დაიხევს და მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მიუხედავად ბრძოლას გააგრძელებს.

სომხეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სამართლებრივ დევნას ახლავს ვნებათაღელვა. გასულ კვირაში სომხეთის პოლიციამ ერევანში, საპროტესტო აქციის დროს დააკავა პარლამენტის წევრის, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის 250 მხარდამჭერი.

დაკავებულები სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა, რამდენიმე მათგანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის ორგანიზების და ძალადობის მუხლებით.

პოლიციამ სომხეთის პარლამენტის წინ დღესაც დააკავა დეპუტატ ცარუკიანის რამდენიმე მომხრე.

სომხეთის პოლიციაში განმარტავენ, რომ კორონავირუსის გამო 16 მარტიდან მოქმედი საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში მასობრივი შეკრებები აკრძალულია.

განსხვავებით საქართველოს შემთხვევებისაგან, სადაც ოპოზიციის მანტიით მოსილ დამნაშავე პირებზე თითის დაკარებაც კი ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების აღშფოთებასა და ვნებათაღელვას იწვევს, სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-ის და მთელი დასავლეთის რეაქცია ძალზე მსუბუქია. არადა, ხდება ძირითადი ოპოზიციური ძალის განადგურება ნიკოლ ფაშინიანის მიერ, რაშიც ფაშინიანი მოკავშირედ “კოვიდ19”-ის თემას იყენებს.