ბატონო მოსამართლე, დუმილის უფლებას გამოვიყენებ, – ამის შესახებ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა დავით ცინარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. აღნიშნულით მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის კითხვას, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ, გასცა პასუხი. ამ წუთებში, სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
ცნობისთვის, დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.
“ინტერპრესნიუსი”