საქართველოს ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, სიმხდალესა და უპრინციპობას იჩენს ყველაზე უფრო უტიფარი პერსონაჟების მიმართ, როდესაც ეს პერსონაჟები აბსურდულ ბრალდებებს ისვრიან რუსეთისა და მისი ოფიციალური წარმომადგენლების მიმართ.
გვარამია-გაბუნიას წყვილი არ ისვენებს და აგრძელებს პროვოკაციებს, ამ გზით ისინი ცდილობენ, თავიანთ არარაობა თავებს და ასეთსავე არარაობა ტელევიზიას ქულები ჩაუწერონ. მორიგი სიცრუე, რომ რამზან კადიროვი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა ასე უნიჭოდ, აშკარაა, თუმცა – არა საქართველოს ხელისუფლებისათვის.
საოცარ ალოგიკურ გადახვევა-გადმოხვევებს აგრძელებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ერთი მხრივ, იგი ადასტურებს, რომ მას არავინ არანაირ ინფორმაციას არ აწვდის, მეორეს მხრივ კი იჯერებს ყველაფერს, რასაც ტელევიზიის საშუალებით ისმენს.
ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა, გვარამია-გაბუნიას მიერ აგორებულ მორიგ აფიორასთან დაკავშირებით.
“მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანისა და ჟურნალისტის უსაფრთხოება იყო დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველასთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება სათანადოდ გამოძიებული” – განაცხადა ზურაბიშვილმა და, ჟურნალისტების დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ “ვისგან მოდიოდა ეს ყველაფერი”, დასძინა: „ეს მე რომ ვიცოდე, ძალიან კარგი იქნებოდა“.
დალოცვილო, თუკი არ იცი, რა მოხდა, რატომ ლაპარაკობ, რომ ჟურნალისტის უსაფრთხოება იყო დაცული? გამოდის, რომ რასაც გვარამია იტყვის ტელევიზიის საშუალებით, შენ იჯერებ, ხომ?!
შედარებით პროგრესული იყო ქალბატონი პრეზიდენტის დამოკიდებულება რუსეთის “ბრალეულობის” მიმართ, თუმცა სისულელე, როგორც მას სჩვევია, მაინც “დააბრეხვა”:
“მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი. არ მაქვს არანაირი უფლება, რომ დავადანაშაულო რომელიმე სხვა ქვეყანა, ვიდრე არ გვეცოდინება, გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა. აქ რომ არის ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა, ამაში ყველა ვთანხმდებით. არ მაქვს უფლება და ვერ გამომიტყუებთ იმაში, რომ ვინმეს დავადო თითი.
მე ვამბობ იმას, რომ არ მაქვს უფლება, პასუხისმგებლობა მივანიჭო ვინმეს, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება. ამაში უნდა ჩაერთოს ყველა და თუ საჭირო გახდა, ასევე გამომძიებლები უცხოეთიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
აი ორი “ქათმის” მიერ ატეხილ კრიახზე და კაკანზე “უცხოეთიდან” ჩამოსული გამომძიებლები ძალიან კომიკური სანახავები კი იქნებოდნენ. ფონი უკვე ნამდვილად არის კომიკური: სუსი, პრემიერი და სხვა “ორგანოები”, ასევე, ივანაშვილის კარის დე სიკა და ფელინი – ანუ გოგა ხაინდრავა, თავიანთი არაკომპეტენტური, რეგვენული განცხადებებით, ფაქტობრივად, ადასტურებენ და “აპრავებენ” გვარამია-გაბუნიას წყვილის მიერ გავრცელებულ აბსურდს, დაგეგმილი მკვლელობის შესახებ. მხარს უჭერენ იმ სისულელის ტირაჟირებაში, რომ ჩეჩენმა კადიროვმა არარაობა გაბუნიას მკვლელობა დაუკვეთა ვიღაც ინგუშს (!) და ეს გეგმა უკრაინის სპეცსამსახურებმა გაშიფრეს.
მოკლედ, არ უწერია საქართველოს სიმშვიდე, სანამ ეს ნაც-ქოცები და მათი სატელიტური პარტიები იბოგინებენ საქართველოში.