საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დღეიდან დაიწყება.

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციური კანონის პროექტს  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  განიხილავენ, რომელიც 17.00 საათზეა ჩანიშნული.

კომიტეტის სხდომამდე, 15:00 საათზე, დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც “ქართული ოცნების” ოფისში გაიმართება.

ცნობისთვის, პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებას პარლამენტში 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

 

 

 

 

“აიპრესი”