“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობას მიიღებს და მხარს დაუჭერს. ამის შესახებ საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
“8 მარტის შეთანხმებას აქვს 2 მთავარი კომპონენტი, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა, ამ მომენტის მდგომარეობით არც ერთი კომპონენტი არაა შესრულებული ბოლომდე – რჩება პატიმრობაში გიორგი რურუა და ხვალ იქნება კენჭისყრა. იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა, იმისთვის, რომ ხვალ “ქართული ოცნების” მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე გადაგდება, როგორიც ვიხილეთ ნოემბერში და ამითი წერტილი არ დაესვას ქვეყანაში პროპორციულ და სამართლიან სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ევროპული საქართველო” მონაწილეობას მიიღებს ხვალ სხდომაში და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამითი მიღწეული იქნება ორი ამოცანა: პირველი – გაჩნდება მეტი დრო, რომ შეთანხმება შესრულდეს პოლიტიკური დევნის ნაწილში და დარჩება დამატებითი დრო საკონსტიტუციო მოსმენების დასრულებამდე, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას გამოშვებასთან დაკავშირებით და მეორე – არ მივცემთ საშუალებას ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს საზოგადოება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ, მისი თქმით, საკითხის პირველი მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველ მოსმენაზე არასაკმარისი ხმების მიღება ნიშნავს იმას, რომ საკითხი სრულად ჩავარდა. განსხვავებით მეორე-მესამე მოსმენებზე ჩავარდნისგან, როდესაც საკითხის იმავე დღეს თავიდან დაყენებაა შესაძლებელი.
“”კურიერი’