შაქარაშვილის ბიძა: კონფლიქტი მოხდა თუ არა, არ ვიცი

მცხეთაში დაკარგული 19 წლის შაქარაშვილის ბიძის ინფორმაციით, ის, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტის შედეგად შეიძლებოდა რაიმე ფატალური შედეგი ყოფილიყო, ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები ალბათობით განიხილება

.

მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, საქმეში მონაწილე პირების ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია.

“ჯერჯერობით რაიმე რეალური შედეგი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია. მე ვფიქრობ, რომ ცუდი ვერსიის სასარგებლოდ უფრო ნაკლები მტკიცებულება უნდა არსებობდეს, ვიდრე კარგის. ეს არ არის ჩემი სუბიექტური აზრი, ჩვენ ვნახეთ შემთხვევის ადგილიც, გავერკვიეთ გარკვეულ გარემოებაში და მგონია, რომ ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი. იმედი მაქვს, მალე ვნახავთ. ვერსიის სახით გაჟღერდა, რომ კონფლიქტური ვითარება იყო, თუმცა ის, რომ კონფლიქტის შედეგად შეიძლებოდა რაიმე შედეგი ყოფილიყო, ყველაზე ნაკლები ალბათობით იხილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქმეში მონაწილე პირთა ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია, თუმცა ფაქტებიდან გამომდინარე, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანების დაკითხვა კიდევ გახედეს საინტერესო. გიორგი და მისი მეგობარი მივიდნენ რამდენიმე საათის დაგვიანებით და იქ უკვე ქეიფობდნენ ბავშვები, თუმცა კონფლიქტი მოხდა თუ არა, ეს არ ვიცი,” – განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელის ბიძამ.

შეგახსენებთ, რომ დაკარგულ გიორგი შაქარაშვილს მაშველები მეოთხე დღეა ეძებენ.

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობის მონიტორინგი როგორც ცოცხალი ძალით, ისე თერმული დრონით.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნის და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

წყარო: report.ge