თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სარეზერვო სიაში ბავშვების მოსახვედრად განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება. ინფორმაციას საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო ავრცელებს.
„ძვირფასო მშობლებო, თუ ვერ მოახერხეთ ბავშვის რეგისტრაცია სასურველ ბაღში, 22 ივნისიდან მიმართეთ კონკრეტულ სააღმზრდელო დაწესებულებას და დატოვეთ განაცხადი ბავშვის სარეზერვო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით.
თუ ოჯახს აქვს კონკრეტული სოციალური სტატუსი, უნდა წარადგინოთ შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი. ადგილობრივი მცხოვრებლების შემთხვევაში, ოჯახმა სარეზერვო განცხადებას თან უნდა დაურთოს არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი.
გაითვალისწინეთ, რომ სარეზერვო სიაში, ისევე როგორც პირველი ეტაპის რეგისტრაციისას, განსაზღვრულია კონკრეტული პრიორიტეტული კატეგორიები.
სააღმზრდელო დაწესებულებაში მისვლისას, სავალდებულოა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის არსებული რეკომენდაციების დაცვა. გისურვებთ წარმატებებს“, – ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.
ამასთან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 5 340 თავისუფალი ადგილია დარჩენილი.
“იმედინიუსი”