კარპენტერი გიორგი რურუას გათავისუფლებას ავალებს “ოცნებას”

მმართველმა პარტიამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს – ეს განცხადება მაიკლ კარპენტერმა გააკეთა. საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველი თვლის, რომ გიორგი რურუას პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

“ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას კარპენტერი აცხადებს, რომ საქართველოს დიდი შესაძლებლობა აქვს, ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში გამართოს.

“ორივე მხრიდან ვხედავ დიალოგის გამართვისა და კომპრომისის მონახვის სურვილს. ის, რომ მმართველმა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება გადაწყვიტა, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემის, ოპოზიციური პარტიებისთვის უფრო სამართლიანი სისტემის ქონის საშუალებას იძლევა. ამ ცვლილებების მიღება ახლა გარკვეულ პირობებს უკავშირდება, რომლებიც ჩემი აზრით, საფუძვლიანია. მათ შორისაა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი რურუას გათავისუფლება. მე ვფიქრობ, ეს საფუძვლიანი მოთხოვნაა და ის უნდა გაათავისუფლონ.

თუ ეს მოხდება და მე ამის იმედი მაქვს, ვფიქრობ ცვლილებებს საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერა აქვს და მათი მიღების შემთხვევაში ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში გაიმართება, რაც ყველას სურვილია. ყველა დემოკრატიაში არსებობს პოლიტიკურ მხარეებს შორის დაპირისპირება, ყოველთვისაა დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. საბოლოო ჯამში, ყველაფერი თამაშის წესების პატივისცემას, დემოკრატიის პრინციპების პატივისცემას უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობდეს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემა.

მე ვნახე ბატონი რურუას წინააღმდეგ არსებული ბრალდებები. თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ, ან არ დაიჯეროთ ამ ბრალდებების სიმართლე. მე მიმაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ ის უნდა გაათავისუფლოს და მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება,” – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

 

 

“რუსთავი2”