პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველის და ბაიდენის ცენტრის დირექტორის მაიკლ კარპენტერის განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა და განმარტა, რომ კარპენტერი ამ განცხადებით მათ სასამართლოზე ზეწოლას მოუწოდებს, რაც ქვეყნისთვის სწორი არ იქნება.
“ოპოზიციის ლიდერს თვითონ რურუა არ უწოდებს თავის თავს. კარპენტერი მოგვიწოდებს, რომ უკანონობა ჩავიდინოთ, სასამართლოზე მოვახდინოთ ზეწოლა, რათა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორც კარპენტერს წარმოუდგენია საუკეთესო გამოსავლად. ეს ქვეყანას არ აწყობს. ქვეყნისთვის არ იქნება სწორი და მეორე, აქედან რომ მოუწოდო და ვინც გინდა უთხრას, სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე, ეს ისტორია გრძელდება, ადრე თუ გვიან, ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს, მაგრამ ისეთი ცხოვრება უნდა გავიაროთ, რომ ბოლოში რომ მიხვალ, არ გქონდეს დამაზიანებელი ხინჯები. არც მოსამართლე და არც პროკურორი ამ თემას არ გაითავისებენ და პოზიტიურად არ განიხილავენ. ასე რომ, ეს არის შიდაპოლიტიკის საკითხი, სადღაც მორალის თემაც არის,”- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, მაიკ კარპენტერმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს და მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
“აიპრესი”