„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ქართველ გმირ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა პარტიამ პოლიტიკაში ჩართვა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ვაჟა გაფრინდაშვილმა სამომავლოდ პოლიტიკაში ჩართვა არ გამორიცხა, თუმცა ინფორმაცია მმართველი პარტიის შეთავაზებასთან დაკავშირებით, არ დაადასტურა.
ვაჟა გაფრინდაშვილი: ამ ეტაპზე პოლიტიკაში ჩართვის სურვილი არ მაქვს. სამომავლოდ პოლიტიკაზე ყველა ფიქრობს, მაგრამ… ქვეყნის ბედი როგორი იქნება, გააჩნია. დღეს, ჯერჯერობით, ალბათ – არა. ვთვლი, რომ ჯერჯერობით, ჩემი პროფესიით უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ.
– ჩვენი ინფორმაციით, თქვენ მმართველმა პარტიამ არჩევნებში ჩართვა შემოგთავაზათ. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?
– შეიძლება, ვიღაცას შესთავაზეს, სხვა ვაჟა გაფრინდაშვილს, მაგრამ ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, არავისთან ლაპარაკი არ მქონია. არჩევნებში მხოლოდ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას გამოვიყენებ, რომ ხმა მივცე.
– რა ფაქტორი გადაგაწყვეტინებთ პოლიტიკაში ჩართვას?
– ის, რომ ჩემი შვილები ბედნიერ საქართველოში ცხოვრობდნენ.
– ეს ის საქართველოა, რომელსაც ბედნიერს უწოდებდით?
– სამწუხაროდ, ჯერ – ვერა. პირველ ყოვლისა, მთავარ პრობლემას ვხედავ საქართველოს 20%-ის ოკუპაციაში. ეს პრობლემა მაშინ მოგვარდება, როდესაც ეკონომიკურად ძლიერები ვიქნებით – თვითონ რომ მოუნდეთ ჩვენთან მოსვლა.
მთელ მსოფლიოში არჩევნების წინ ყველა პარტია ერთმანეთს ლანძღავს, სამწუხაროდ, ეს მარტო საქართველოს სენი არაა. მთავარია, რომ საქმე გაკეთდეს.
ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ძალებმა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2019 წლის 9 ნოემბერს დააკავეს. მას 20 დეკემბერს ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით, საზღვრის კვეთის ბრალდებით მიუსაჯა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით, 28 დეკემბერს გათავისუფლდა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე
წყარო “პრაიმთაიმი”