„ნაცმოძრაობას” არ სურს ჩატარდეს მშვიდობიანი არჩევნები და ამას თავისი სიბრიყვით ხელს უწყობს დეგრადირებული, მორალურად ჩამოშლილი „ქართული ოცნება”

მე, როგორც პოლიტიკოსს, მაქვს განცდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” არ სურს ამ ქვეყანაში ჩატარდეს მშვიდობიანი არჩევნები და თავისი სიბრიყვით ამას ხელს უწყობს დეგრადირებული, მორალურად ჩამოშლილი „ქართული ოცნება”, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, როგორც დეპუტატი ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებებს „ევროპული საქართველოსა” და „ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერის გარეშეც მიიღებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი საარჩევნო სივრცე, ამიტომ ჩვენი ფრაქცია მზად ვართ, დავუჭიროთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველანაირი დათქმების გარეშე. მიგვაჩნია, რომ ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს არჩევნები, სადაც ადამიანები შეძლებენ ზედმეტი ემოციების გარეშე, პრაგმატულად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მათი აზრით, ქვეყნის მომავალი შემდეგი 4 წლის განმავლობაში.

მე როგორც პოლიტიკოსს, მაქვს განცდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” არ სურს ამ ქვეყანაში ჩატარდეს მშვიდობიანი არჩევნები და თავისი სიბრიყვით ამას ხელს უწყობს დეგრადირებული, მორალურად ჩამოშლილი „ქართული ოცნება”. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის” და „ევროპული საქართველოს” ხმები საერთოდ არ არის საჭირო. თუ ისინი არ აპირებენ მხარდაჭერას, ნუ დაუჭერენ, ეს ცვლილებები ისედაც გავა. ჩვენთვის მთავარია მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი,”- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა დღეს გაიმართება.

 

 

 

“იმედინიუსი”