საცხოვრებელ ბინებს სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი მიიღებს

მერიასა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, საცხოვრებელ ბინებს სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი მიიღებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

მერის განცხადებით, თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახის რეალობა რადიკალურად შეიცვლება და ისინი მალე მიიღებენ ბინას, რომელსაც, წლების განმავლობაში, უიმედოდ ელოდნენ.

„მინდა, მივულოცო 400-მდე ოჯახს, რომლებიც დაახლოებით 12 წლის განმავლობაში ელოდებოდა საცხოვრებელ ბინებს. ესენი არიან სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებულები. ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა. ქალაქში არსებობს დაუსრულებელი ობიექტები. უამრავი ადამიანია დაზარალებული სამშენებლო კომპანიების მიერ. ჩვენ პირობა მივეცით მოსახლეობას, რომ დავეხმარებოდით. პირველი პროექტი იყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“მიერ დაზარალებულები, რომელიც დავაკმაყოფილეთ და ეს არის მეორე, ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც 400-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. მიხარია და ვიზიარებ ამ ადამიანების სიხარულს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, გვაქვს შემდეგი გამოწვევები. არის „ცენტ პოინტი„, რომელსაც 6 ათასი ოჯახი ყავს დაზარალებული. დარწმუნებული ვართ ამ პროექტსაც ბოლომდე მივიყვანთ და ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

“იმედინიუსი”