თვითმარქვია ექიმმა ბავშვის სიმსივნისგან განკურნების სანაცვლოდ ოჯახს 19 ათასი ევრო გამოსძალა, ბავშვი დაიღუპა

საბერძნეთში, ატიკას რეგიონში დააკავეს ექიმი, რომელიც სიმსივნით დაავადებულებს „კურნავდა“ და შესაბამის ანაზღაურებასაც იღებდა.

ბუნებრივია, ექიმი თვითმარქვია იყო და სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს ვერ კურნავდა.

 

ერთ-ერთი დაზარალებული და გარდაცვლილი 14 წლის პაციენტის ბიძა ყვება, თუ როგორ ემსხვერპლა მოზარდი ყალბი ექიმის „მკურნალობას“, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რეალურად, თუ როგორ უნდა ემკურნალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცი 14 წლის გოგონას ზეთებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებას ურჩევდა. ეს იყო მისი თერაპია, მკურნალობის მეთოდი, რომლის შედეგადაც, ოჯახს ეუბნებოდა, რომ კიბოს მეტასტაზები უკან იხევდა.

 

„მიუხედავად ამისა, ბავშვი იზრდებოდა და დროის გასვლასთან ერთად არაფერი იცვლებოდა. დაახლოებით 6 თვეში ჩვენი გოგონას მდგომარეობა დამძიმდა და კომაში ჩავარდა. ის გვიმტკიცებდა, რომ თერაპია, რომელსაც უტარებდა, იყო უმაღლესი კომპეტენციის მქონე ექიმების მიერ დამტკიცებული. ეს ადამიანი, რომელიც ექიმი გვეგონა, საკუთარი მკურნალობის გზებს გვთავაზობდა და 100%-იან შედეგს გვპირდებოდა, ხოლო იმას, რასაც ჩვეულებრივ, ამ დაავადების შემთხვევაში ადამიანები მიმართავენ, სრულიად უსარგებლოს უწოდებდა“, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბიძა.

 

გაირკვა, რომ თვითმარქვია ექიმმა 14 წლის გოგონას გამოჯანმრთელების სანაცვლოდ 19 ათასამდე ევრო გამოსძალა ოჯახს, გოგონა კი საბოლოოდ დაიღუპა.

 

შეგახსენებთ, რომ 47 წლის მამაკაცის მიზეზით გარდაცვლილია სამი ადამიანი და ის კოროპის ტერიტორიაზე, საკუთარ მდიდრულ სახლში დააკავეს.

“პრაიმთაიმი”