„ვთანხმდებით იმ სტანდარტებზე და რეგულაციებზე, რაც ფიტნესისა და აუზების ბიზნესის გასახსნელად არის აუცილებელი. რაც შეეხება ვადებს, ამ კონკრეტულ მომენტში თარიღს ვერ დავასახელებ“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ფიტნეს ცენტრების, ასევე ღია და დახურული ტიპის აუზების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჯერ კიდევ არაერთი საკითხია შესათანხმებელი, რომელიც ამ სექტორის გასახსნელად არის საჭირო. როგორიც კი ჩვენ შევთანხმდებით, ჯანდაცვის სამინისტრო შეამოწმებს და დარწმუნდება, რომ სრულად არის დაცული ოპერირებისთვის აუცილებელი სტანდარტები.
მისი თქმით, ფიტნეს დარბაზები და აუზები უმოკლეს ვადებში გაიხსნება.
„ჩვენც გვესმის, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი სექტორი, რომლის გახსნაც ძალიან საჭიროა ჩვენი მოქალაქეების ჯანსაღი ცხოვრებისათვის“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.
დღეს ბიზნესომბუდსმენისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ფიტნეს ცენტრების, ასევე ღია და დახურული ტიპის აუზების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ფიტნეს დარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება.
“ბი ეფ ემ. ჯი”