დარჩა მესამე მოსმენა, მივცემთ ხმას, ოღონდ გამოშვებული იქნას გიორგი რურუა

პოლიტიკური ოპონენტები კვლავ ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან – საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების ფონზე უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, თუ გიორგი რურუა საპატიმროში დარჩება – ისინი საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობაზეც უარს იტყვიან და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ხელისუფლებას ოპოზიციის გარეშე მოუწევს, რაც ქვეყნის იმიჯისთვის არც, თუ სახარბიელოა.

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ცვლილებებს მესამე მოსმენაზე მხარს დაუჭერენ, თუმცა ერთი პირობით, თუკი მანამდე გიორგი რურუას გათავისუფლება მოხდება.

“კონსტიტუციის ცვლილებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის არის კონსესუსით მიღებული და რომლსაც ზურგს უმაგრებს ყველა ოპოზიციური პარტიის ნება. ამიტომ, დარჩა მესამე მოსმენა, შევალთ და მივცემთ ხმას, ოღონდ ამ დროისათვის გამოშვებული იქნას ციხიდან რურუა და ქვეყანაში დამთავრდეს პოლიტ პატიმრების ერა ერთხელ და სამუდამოდ. ოპოზიციის მონაწილეობით, კონსტიტუციის მიღებას აქვს სხვა წონა, აქვს სხვა ფასი. მას აქვს პოლიტიკური სტაბილიზებისა და არჩევნებისადმი მეტი ნდობის აღძვრის ფუნქცია,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ.

“ჩვენ ვართ ერთგული აღნიშნული შეთანხმების, ხმაც მივეცით საარჩევნო სისტემას პირველი მოსმენით, რომ პერსპექტივა არ დაკარგულიყო ამ ცვლილების მიღების, მივეცით დამატებითი დრო, ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზე, რომელიც სამარცხვინოდ არღვევს პირობას და პატიმრობაში ტოვებს ადამიანს, რომლის გათავისუფლების პირობა დადეს,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას სურვილი რეალურად ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არ ყოფილა და ეს ბოლო დღეებში გამოჩნდა.

“კიდევ ერთხელ დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავის სატელიტებთან ერთად, თითქოს მართლაც სურდათ ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება,” – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 115-ით სამის წინააღმდეგ მიიღო. საკითხის მესამე და საბოლოო კენჭისყრა ორშაბათს იგეგმება.

 

 

 

“რუსთავი2”