ზოგადად, ოპოზიციურ სპექტრში დიდი დაძაბულობაა. ისე არ გაიგოთ, თითქოს პარტიებს შორის მომხდარი შეთანხმება ყველასთვის მისაღებია და ოპოზიციონერები ერთმანეთს დაუტკბნენ. პირიქით, კანდიდატების შერჩევა ძალიან გაჭირდა და ერთმანეთს ძველი ცოდვები წამოაძახეს.
ოპოზიცია განიხილავს ვარიანტს, რომ საბურთალოზე ხელისუფლებას თაკო ჩარკვიანი შეატოვოს (ჩარკვიანმა უკვე დაადასტურა, რომ კენჭს იყრის და ახლა მხოლოდ იმას ელოდება, რას იტყვის გაერთიანებული ოპოზიცია), ხოლო თუ დათანხმდა, დიდუბე-ჩუღურეთში გიორგი მარგველაშვილმა იყაროს კენჭი, თუმცა….
„მარგველაშვილმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, რეალურად კი მას ეს დრო მოლაპარაკებებისთვის სჭირდება. თუ ის მიიღებს მყარ გარანტიას, რომ „ლელო“ მას სიაში, მინიმუმ სამეულში ჩასვამს, მარგველაშვილი კენჭს „ლელოს“ სახელით იყრის. თუ არა და, ის უბრალოდ არ ჩაერევა არჩევნებში. ექსპრეზიდენტს „ლელოსთან“ სავაჭროდ კარგი თემა აქვს, ან სია და მათი სახელით წილისყრა, რაც ლელოს დიდუბე-ჩუღურეთში დაგეგმილზე მეტ ხმას მოუტანს, ან გაერთიანებული ოპოზიციის სახელით კენჭისყრა, რაც ბლეფია, მაგრამ „ლელოს“ გარისკვა არ უღირს. ახლად ჩამოყალიბებული პარტიისთვის, ექსპრეზიდენტის ყოლა მსუყე ნაჭერია, მაგრამ ამავდროულად მისი სიაში ჩასმა არ სურთ, რამეთუ ფულს ძირითადად ორი კაცი, ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი ხარჯავს და მათ ისეთი ადამიანი სჭირდებათ, ვინც ამ მიმართულებით ცოტა მაინც შეეხიდება. ამიტომ, გადაჭრით გეუბნებით, მარგველაშვილი ან „ლელოს“ კანდიდატი იქნება, ან არავისი“
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებას – პირველი და მეორე მოსმენით მიიღეს. დარჩა მესამე მოსმენა. არითმეტიკით დავიწყოთ – 149-ს მინუს 26 იქნება – 123. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი სულ რაღაც 113 ხმა არის საჭირო. ისიც ვთქვათ, რომ 26 „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციის წევრთა ჯამია, ანუ 123 დარჩენილი დეპუტატიდან, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და „შეაბას“ – 123. ამ 123-დან უშუალოდ უმრავლესობის წევრი 93 დეპუტატია, მაგრამ თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ 93-დან ერთი, დმანისის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ანუ 30 დეპუტატიდან („პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციას პლუს დამოუკიდებელი დეპუტატები) საჭიროა 21 გარანტირებული ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს. თანაც, დამოუკიდებელი დეპუტატებიდან უკვე ითქვა, რომ აღნიშნულ კანონს მხარს არ დაუჭერს არც ბიძინა გეგიძე – ესეც მინუს ერთი…
პირველ კენჭისყრაზე მმართველ გუნდს საჭირო ხმების მიღება არ გაუჭირდება, რადგან, როგორც მოსალოდნელი იყო, „ევროპულმა საქართველომ“ პოზიცია შეცვალა და პირველ მოსმენაზე კანონს მხარი დაუჭირა. ამით გიგა ბოკერიას გუნდმა ერთი გასროლით, ორ მიზანს მოარტყა – დასავლელ პარტნიორებს გაუგორა კოჭი, დანაპირებს ვასრულებთო და თამაშგარეში დატოვა ნაციონალური მოძრაობა, აქაოდა, გადაწყვეტილებებს პარლამენტში ხელისუფლების შემდეგ ჩვენ ვიღებთ და არა თქვენო.
“ალია”