რა უჯდებათ ევროპელ გადასახადის გადამხდელებს სამეფო ოჯახების შენახვა

ევროპის 10 ყველაზე გავლენიანი და მდიდარი სამეფო ოჯახიდან, საკუთარი მოვალეობების შესასრულებად სახელმწიფო სახსრებს მხოლოდ 9 სამეფო ოჯახი იღებს. გამონაკლისია ლიხტენშტეინის სამთავრო, რომლის სამეფო ოჯახის ხარჯები გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან არ ფინანსდება.

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ევროპაში ყველაზე დიდი, მდიდარი და გავლენიანია. სამეფო ოჯახს აგერ უკვე მრავალი ათეული წელია, სათავეში უდგას დედოფალი ელისაბედ მეორე, უინძორთა დინასტიიდან.

ბრიტანეთის მონარქიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, სამეფო ოჯახში 16 სრულწლოვანი და 3 არასრულწლოვანი სრულუფლებიანი წევრია. ესენია:

დედოფალი ელისაბედ II და მისი მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი, ტახტის მემკვიდრე, უელსის პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კორნუელის ჰერცოგინია.

კემბრიჯის ჰერცოგი (უილიამი) და ჰერცოგინია (ქეითი) და მათი შვილები – პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუისი.

პრინცესა ანა, დედოფლის ქალიშვილი.

იორკის ჰერცოგი, დედოფლის ვაჟი. ასევე იორკის ჰერცოგის ქალიშვილები, პრინცესა ბეატრისი და პრინცესა ევგენია.

უესექსის გრაფი (დედოფლის ვაჟი) და გრაფინია.

გლოჩესტერის ჰერცოგი და ჰერცოგინია (დედოფლის ბიძაშვილები).

კენტის ჰერცოგი და ჰერცოგინია (დედოფლის ბიძაშვილები).

პრინცესა ალექსანდრა, დედოფლის ბიძაშვილი.

კენტის პრინცი და პრინცესა (დედოფლის ბიძაშვილები)

დედოფლის და სამეფო ოჯახის საქმიანობა მეტწილად სახელმწიფო სახსრებით, ე.წ. “სუვერენის გრანტით” ფინანსდება. დაფინანსებამ 2018-19 წლებში 82.2 მლნ ფუნტი (103 მლნ დოლარი) შეადგინა. ეს თანხა ასევე მოიცავს სამეფო რეზიდენციის, ბუკინგემის სასახლის განახლების ხარჯებს 10 წლის განმავლობაში.

მონაკოს სამთავროს გრიმალდების დინასტია განაგებს. სამეფო ოჯახს, რომელიც 4 სრულუფლებიან წევრს ითვლის, სათავეში პრინცი ალბერ მეორე უდგას. სამეფო ოჯახის წევრები არიან პრინცის მეუღლე, პრინცესა შარლინი და პრინც ალბერის დები, პრინცესა კაროლინა და პრინცესა სტეფანი.

ალბერ მეორესა და შარლენს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, ტყუპები, პრინცესა გაბრიელა და პრინცი ჟაკი. მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელა მის ძმაზე ორი წუთით ადრე მოევლინა ქვეყანას, ერთ დღესაც მონარქი სწორედ ჟაკი გახდება, რადგან სქესი ამ შემთხვევაში მის სასარგებლოდ მოქმედებს.

ალბერ მეორეს ორი უფროსი შვილი ჰყავს, თუმცა რადგან ისინი ქორწინების გარეშე გაჩნდნენ, სამეფო ოჯახის წევრებად არ ითვლებიან.

2020 წელს მონაკოს სამეფო ოჯახს ბიუჯეტიდან 54.4 მლნ ევრო გამოეყო. აქედან 14.6 მლნ დოლარი პირადად პრინცის განკარგულებაში გადადის, ხოლო დანარჩენი მოიცავს სამეფო კარის ადმინისტრაციის, პერსონალისა და სამეფო რეზიდენციების მოვლა-პატრონობის ხარჯებს.

ნიდერლანდების სამეფო ოჯახში 7 სრულწლოვანი და 3 არასრწულოვანი სრულუფლებიანი წევრია.

სამეფო ოჯახს სათავეში უდგას, ნიდერლანდების მეფე ვილემ ალექსანდერი. სამეფო ოჯახის წევრები არიან, მეფის მეუღლე, დედოფალი მაქსიმა და მათი სამი ქალიშვილი, პრიცენა კატარინა-ამალია, პრინცესა ალექსა და პრინცესა არიანა.
მეფის დედამ, დედოფალი ბეატრიქსი ტახტიდან თავისი ვაჟის, მემკვიდრე ვილემ ალექსანდერის სასარგებლოდ 2013 წელს გადადგა.

ნიდერლანდების სამეფო ოჯახის წევრები არიან ასევე მეფის ძმა, პრინცი კონსტანტინე და მისი მეუღლე, პრინცესა ლაურენტინი. მეფის დეიდა, პრინცესა მარგრეტი და მისი მეუღლე.

2020 წელს მონარქიამ 44.4 მლნ ევროს ოდენობის სახელმწიფო სახსრები მიიღო. აქედან, მეფის პირად განკარგულებაში 5.9 მლნ ევრო გადავიდა.

ნორვეგიის სამეფო ოჯახი 7 წევრს ითვლის, მათ შორის ორი ბავშვია. სამეფო ოჯახის წევრები არიან, მეფე ჰარალდ V და მისი ცოლი, დედოფალი სონია, მათი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე ჰააკონი თავისი ოჯახით და მეფის და, პრინცესა ასტრიდი.

პრინცესა ასტრიდი, სახელმწიფოსგან საპატიო პენსიას იღებს, მისი წარსული საქმიანობის პატივისცემის ნიშნად. დედამისის, დედოფალი რეგენტი მარტას გარდაცვალების შემდეგ, სანამ ამჟამინდელი მეფე, ჰარალდი სრულწლოვანი გახდებოდა და ტახტს დაიკავებდა, ასტრიდი ასრულებდა სამეფოს პირველი ლედის მოვალეობას, 14 წლის განმავლობაში.

ოფიციალური საბიუჯეტო დოკუმენტების თანახმად, 2019 წელს მონარქიის დასაფინანსებლად 433.9 ნორვეგიული კრონა (48.7 მლნ დოლარი) გამოიყო. აქედან 1.4 მლნ დოლარი მეფე-დედოფლის პირად სახსრებში გადავიდა, 1.1 მლნ დოლარი კი ტახტის მემკვიდრისა და მისი დის, მარტა ლუიზას განკარგულებაში.

2018 წელს ბელგიის სამეფო ოჯახმა ბიუჯეტიდან 14.6 მლნ აშშ დოლარი მიიღო. აქედან 12.9 მლნ დოლარი მეფე ფილიპის სამეფო მოვალეობების დასაფინანსებლად გამოიყო, რომელიც მოიცავს პერსონალის, ბრიუსელში მეფის სამუშაო რეზიდენციისა და ლეიკენის ციხე-სიმაგრის, სამეფო ოჯახის ოფიციალური რეზიდენციის შენახვის ხარჯებს.

გარდა ამისა, მეფე, მისი მშობლები და მისი და და-ძმა, პრიცესა ასტრიდი და პრინცი ლორენი, ყოველწლიურ ხელფასს იღებენ. მაგალითისთვის პრინცესა ასტრიდმა 356 080 აშშ დოლარი მიიღო, პრინცმა ლორენმა კი 341 614 აშშ დოლარი.

ბელგიის მეფე ფილიპსა და დედოფალ მატილდას 4 შვილი ჰყავთ, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში დადიან.

მეფის მშობლები, მეფე ალბერ მეორე და დედოფალი პაოლა პენსიაზე იმყოფებიან, თუმცა ისინი მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებაში. ყოფილი მეფე ყოველწლიურად 1 მლნ დოლარის ოდენობის პენსიას იღებს.

2018 წელს დანიის სამეფო ოჯახმა, რომელსაც სათავეში დედოფალი მარგრეტე II უდგას, სახელმწიფოსგან 12.2 აშშ მილიონი დოლარი მიიღო. თანხა მოიცავს ყველა ხარჯს, მათ შორის სამეფო რეზიდენციების მოვლა-პატრონობას.

დანიის სამეფო ოჯახის წევრები არიან დედოფალი მარგრეტე, ტახტის მემკვიდრე, კრონპრინცი ფრედერიკი, მისი მეუღლე კრონპრინცესა მარი და მათი ოთხი შვილი. ასევე, დედოფლის კიდევ ერთი ვაჟი, პრინცი იოაკიმი და მისი მეუღლე, პრინცესა მარი. ასევე, დედოფლის და, პრინცესა ბენედიქტე.

მიუხედავად სამეფო ტიტულებისა, დანიის სამეფო ოჯახის წევრები ცდილობენ ჩვეულებრივი მოქალაქეებივით იცხოვრონ. ბავშები დადიან საჯარო სკოლებში, ხოლო ოჯახის უფროს წევრებს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ლუქსემბურგის სამეფო ოჯახის მხოლოდ 4 წევრი ასრულებს სამეფო მოვალეობებს და შესაბამისად, მხოლოდ ისინი იღებენ საბიუჯეტო სახსრებს.

სამეფო ოჯახს სათავეში უდგას ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ჰენრი. სამეფო ოჯახის შემადგენლობაში არიან, ჰენრის მეუღლე, დიდი ჰერცოგინია მარია ტერეზა და მათი ვაჟი, მემკვიდრე დიდი ჰერცოგი ვილჰელმი, მისი მეუღლე გრაფინია სტეფანი დე ლანოუ, მემკვიდრე დიდი ჰერცოგინია.

ლუქსემბურგის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული საბიუჯეტო დოკუმენტების თანახმად, სამეფო სახლმა 2019 წელს 11.8 მილიონი დოლარი მიიღო, ყველა ადმინისტრაციული ხარჯის დასაფარად. ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, დიდმა ჰერცოგმა მიიღო პირადი შემწეობა 312 000 აშშ დოლარის ოდენობით.

შვედეთის სამეფო ოჯახის შემადგენლობაში 7 სრულწლოვანი და ორი არასრულწლოვანია, მათ შორის, სამეფო ოჯახის მეთაური, მეფე კარლ XVI და მისი მეუღლე, დედოფალი სილვია, ტახტის მემკვიდრე, კრონპრინცესა ვიქტორია, მისი მეუღლე პრინცი დანიელი და მათი ორი შვილი.

სამეფო ოჯახის შემადგენლობაში არიან ასევე, ტახტის მემკვიდრის, პრინცესა ვიქტორიას ძმა, პრინცი კარლი, მისი მეუღლე პრინცესა სოფია და ვიქტორიას და, პრინცესა მედელინი.

2019 წელს მონარქიამ მიიღო 71 მილიონი შვედური კრონა (7.5 მილიონი აშშ დოლარი), მეფის ოფიციალური მოვალეობების, მათ შორის, მოგზაურობის, პერსონალის და სხვა ხარჯების დასაფარად.

ესპანეთის სამეფო ოჯახი, სხვა სამეფო სახლებთან შედარებით, მცირეიცხოვანია. სამეფო ოჯახის შემადგენლობაში არიან, მეფე ფელიპე VI ბურბონი, მისი მეუღლე, დედოფალი ლეტიცია და მათი ორი ქალიშვილი, ტახტის მემკვიდრე, ასტურიის პრინცესა, ინფანტა ლეონორი და ინფანტა სოფია დე ბურბონი.

მეფის მშობლები, მეფე ხუან კარლოსი და დედოფალი სოფია სამეფო ოჯახის სრულუფლებიან წევრებად ითვლებიან, თუმცა 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც მეფე ხუან კარლოსი ტახტიდან გადადგა, ისინი საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშრდნენ.

მონარქიის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, სამეფო ოჯახმა 2018 წლის ესპანეთის ბიუჯეტიდან 7.9 მილიონი ევრო (8.8 მილიონი დოლარი) მიიღო.

ლიხტენშტეინის სამთავრო არის ერთადერთი მონარქია ევროპაში, რომელიც გადასახადის გადამხდელთა მიერ არ ფინანსდება. მიუხედავად ამისა, სამეფო ოჯახი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია, ფლობს რა უძრავ ქონებასა და ბანკს.

ლიხტენშტეინის დიდი თავადი ერთ-ერთი უმდიდრესი მონარქია მსოფლიოში. მისი ქონება 3,9 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მის მფლობელობაშია LGT ბანკი (დაარსდა 1920 წელს), ასევე ხელოვნების ნიმუშთა მნიშვნელოვანი კოლექცია.

სამეფო ოჯახი მრავალრიცხოვანია, მაგრამ სრულუფლებიანი წევრის სტატუსს მხოლოდ ოთხი მათგანი ატარებს. ესენი არიან, ლიხტენშტეინის დიდი თავადი, პრინცი ჰანს ადამ II, მისი მეუღლე, პრინცესა მარი და მათი შვილებით, პრინცი ალოისი და მისი მეუღლე, პრინცესა სოფი.

სხვა ევროპული მონარქიებისგან განსხვავებით, ლიხტენშტეინის დიდ თავადს აქტიური როლი აქვს პოლიტიკაში. მას აქვს უფლება საკანონმდებლო ორგანოს წინადადებით მიმართოს, შეიწყალოს მსჯავრდებულები და დანიშნოს მოსამართლეები.

წყარო: ghn.ge