2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119 200 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.25 პროცენტი შეადგინა.
„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6140.55 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა 500-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 6254.81 მილიონიდან 6140.55 მილიონ ლარამდე შემცირდა.
მათივე ცნობით, 119 200 ხელშეკრულებიდან 34 200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 834.11 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა, პირველი მაისის მდგომარეობით, 13.49 პროცენტი შეადგინა.
„რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე, პირველი მაისის მონაცემებით, 44 400 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.25 პროცენტში. მთლიანი პორტფელი კი 1923.31 მილიონი ლარია.
36 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3142.34 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1099.30 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.70 პროცენტში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი, პირველი მაისის მონაცემებით, 2043.04 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.02 პროცენტში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. პირველი მაისის მონაცემებით, სულ 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15.882 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16 პროცენტში გაასესხეს.
ასევე, გაცემულია 3 000 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 81.25 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები, პირველი მაისის მდგომარეობით, ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.83 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
პირველი მაისის მდგომარეობით, შემცირებულია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 12.88-დან 13.49-მდე, ავტოსესხებზე 12.32-დან 16-მდე“, – აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება სიფრთხილითაა გამოწვეული.
„როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ფასებზე ინფლაციური წნეხი შერბილებულია და მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება, თუმცა პანდემიით გამოწვეული პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების ხარჯების ზრდა ფასებზე კვლავ ახდენს ინფლაციურ ზეწოლას, რითიც შესაძლებელია, აიხსნას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ასე მცირედით შემცირება. მეორე მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის შემცირება ინფლაციის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება, ჩაითვალოს, რაც შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად შერბილების საფუძველს იძლეოდეს.
პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად შემცირებულია და მონეტარული სტიმულების დროულობა ეკონომიკის სწრაფად გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რაც შეეხება ფისკალური სტიმულების (იპოთეკური სესხების ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება) მონეტარული პოლიტიკის როლში განხილვას, მივიჩნევთ, რომ არასწორია და ვერ მოახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე მასშტაბურ ზეგავლენას, რადგან კონკრეტულ ვიწრო სეგმენტს ეხება და მისი ეკონომიკაზე ზეგავლენის დაყოვნების (lag) დროც ბუნდოვანია. სასურველია, რომ ეროვნულმა ბანკმა შემდეგ სხდომებზე უფრო მკვეთრად შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ მოახდენს გავლენას დაკრედიტებაზე, ხოლო მეორე მხრივ, გააჩენს დადებით მოლოდინებს, რადგან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება საინვესტიციო რისკების შემცირების სიგნალია“, – აღნიშნავენ „საზოგადოება და ბანკებში“.
“იმედი”