დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ხერსონის პორტის მართვის უფლება გადაეცა

დღეს, უკრაინის ქალაქ ხერსონში ქართულ-შვეიცარიულ კომპანია RISOIL-KHERSON-სა და უკრაინის მთავრობას შორის ხელი მოეწერა ხერსონის პორტის მართვის უფლების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

 

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი და GIG ჯგუფის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი. RISOIL-KHERSON-ი სწორედ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიაა.

პორტის მართვის უფლების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, რომ ახალი ინვესტორი პორტის პოტენციალის უკეთ ათვისებას და ხერსონის მხარის განვითარებას შეუწყობს ხელს.

“ეს პირველი შემთხვევაა უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც პორტის კონცესიის უფლებით გადაცემა ხდება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ერთადერთი და მას სხვა პორტებიც შეუერთდებიან,”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ.

2020 წლის იანვარში უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხერსონის პორტის მართვის უფლების საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულად ქართულ-შვეიცარიული კომპანია RISOIL-KHERSON-ი გამოავლინა.

 

უკრაინის მთავრობის წევრთა განცხადებით, საერთაშორისო ტენდერის საკონკურსო პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. შერჩევის მთავარი პრინციპი კი გამარჯვებული ინვესტორის რეპუტაცია, მათი მხრიდან წარდგენილი საუკეთესო საინვეტიციო წინადადებები და ბიზნესგამოცდილება გახდა.

პორტის კონცესიაზე საბოლოო დასტური კომპანიამ თებერვალში, კიევის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.

ინვესტორი კომპანია ხერსონის პორტის განვითარებაში 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და ხერსონის ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარებაზე ვალდებულებასაც იღებს.

ეს უკრაინაში უმსხვილესი ქართული ინვესტიცია იქნება.

BMG