მეცნიერების თქმით, Covid-19-ის ვაქცინა, შესაძლოა, ხანდაზმულებისთვის ეფექტური არ აღმოჩნდეს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
Covid-19-ის ვაქცინა ხანდაზმულებისთვის, რომლებიც ვირუსით ინფიცირების რისკ-ჯგუფში შედიან, შესაძლოა, ეფექტური არ აღმოჩნდეს.
მეცნიერების თქმით, სწორედ ამიტომ მოხუცებულების გარშემო მყოფი ადამიანების – მაგ: ბავშვების იმუნური სისტემის გაძლიერებაა საჭირო.
დიდი ბრიტანეთის Sage-ის სამეცნიერო საკონსულტაციო ქვეჯგუფის Nervtag-ის ერთ-ერთი წევრის, პროფესორი პიტერ ოფენშაუს განცხადებით, ვაქცინის მიზნობრივი სხვადასხვა ჯგუფი განიხილეს.
„ზოგჯერ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა მათ გარშემო მყოფი ადამიანების იმუნიტეტის გაძლიერებით ხდება. თუნდაც როგორც ამას გრიპის შემთხვევაში აკეთებენ.
ანუ, ბავშვებს, რომლებსაც გრიპის მსუბუქი ფორმები ახასიათებთ, გრიპის ვაქცინას უკეთებენ – რაც ბუნებრივია მათ ბებიასა და ბაბუას იცავს.
ან თუნდაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია, რომლებსაც პაციენტებთან ყველაზე მეტი კონტაქტი აქვთ, ხანდაზმულების დაცვას ხელს ასევე შეუწყობს“,- ამბობს პიტერი.
დიდი ბრიტანეთის იმუნოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტის, არნე აკბარის განცხადებით, მეცნიერებმა მეტი უნდა იმუშაონ, რათა გაარკვიონ ზუსტად რა მოსდის იმუნურ სისტემას, როდესაც ადამიანები ასაკში შედიან.
„ერთი რამ ცხადია – ჯანმრთელი ასაკოვან ადამიანების შემთხვევაშიც კი, სხეულში ბევრად მეტი ანთებითი პროცესია. უნდა გამოვიკვლიოთ საიდან მოდის ეს ანთებები.
ხანდაზმულ ადამიანებში ზუსტად ეს საწყისი ანთება იწვევს სისუსტესა და მრავალ ნეგატიურ შედეგს.
კორონავირუსით ინფიცირების დროს კი ეს ანთება საოცრად მწვავდება. რა არის ანთების წყარო? აი, ესაა ის, რაც უნდა გამოვიკვლიოთ“,- ამბობს აკბარი.
მისი თქმით, ხანდაზმული ადამიანების შემთხვევაში ვაქცინის პარალელუურად სხვა პრეპარატის გამოყენებაც იქნება საჭირო – მაგალითად, ისეთი სტეროიდული მედიკამენტის, როგორიც „დექსამეტაზონია“, რომელსაც ვირუსისგან გამოწვეული ანთების „დაბლოკვა“ შეუძლია.
„ასე, რომ სრული შედეგის მისაღებად, აუცილებელია ვაქცინასთან ერთად გამოყენებულ იქნას ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, შესაძლოა, ეს იყოს „დექსამეტაზონი“.
მხოლოდ ვაქცინაც ეფექტური იქნება ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მას ახალგაზრდები მიიღებენ.
შესაბამისად, ისინი ვირუსის გამავრცელებლები აღარ იქნებიან და არც თავიანთ მოხუც ბებიასა და ბაბუას არ გადადებენ“,- ამბობს ის.
„ჯერჯერობით უცნობია იმუნური რეაგირების რა დონე დასჭირდება ადამიანს Sars-CoV-2-სგან თავის დასაცავად. ვაქცინის ეფექტურობის კვლევა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს.
თუ ვაქცინის ერთი დოზის მიღების შემთხვევაში ის ნაკლებად ეფექტურია, ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.
თუ ერთი დოზა ეფექტური არ იქნება მაშინ ორი დოზის მიცემა უნდა განვიხილოთ, რათა შედეგი უფრო ეფექტური იყოს და ადამიანები ვირუსისგან დაიცვას“,- ნათქვამია Pirbright-ის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორის, სარა გილბერტის განცხადებით, 140 პოტენციური ვაქცინიდან, სრულყოფილი არცერთი არ აღმოჩნდა. თუმცა, დასძინა, რომ აუცილებელი არაა გამოსაყენებელი ვაქცინა 100 პროცენტით ეფექტური იყოს.
„50 პროცენტით ზუსტი ვაქცინის შემთხვევაშიც კი, ჩვენ მოსახლეობის დაცვა შეგვიძლია. ასე რომ, პოზიტიურად ვართ განწყობილი, რომ თუ საჭიროება დადგება შეგვიძლია ვაქცინები გავაერთიანოთ, რომ შედეგად მივიღოთ ის, რაც ბევრად ეფექტურად იმუშავებს“,- ამბობს სარა.
“პრაიმთაიმი”