კორონავირუსით გამოწვეულმა ეპიდემიამ საქართველოს ეკონომიკას სამი ძირითადი საფრთხე შეუქმნა: მოსახლეობის შემოსავლების შემცირება, ლარის კურსის დაცემა და ქვეყნის სახელმწიფო ვალის ზრდა.
2020 წელი ლარის კურსის გამყარებით დაიწყო. პირველ იანვარს ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.87 იყო. 26 თებერვალს, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, ლარის კურსი 2.79 იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების პირველივე ფაქტიდან მოსახლეობაში გარკვეული პანიკა დაიწყო, ლარის კურსი 9 მარტამდე 2.77-მდე გამყარდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ 2020 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის პოზიტიურად დაიწყო, განსაკუთრებით – საგარეო შემოსავლების კუთხით. იანვარში, 2019 წლის იანვართან შედარებით, საქართველოს ექსპორტი 10%-ით, ტურისტების რაოდენობა 19%-ით, ხოლო ემიგრანტების გადმორიცხული თანხების მოცულობა 9%-ით გაიზარდა. ამას დაერთო იანვარ-თებერვალში საქართველოში უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდა და მთავრობის ფასიანი ქაღალდების შესაძენად უცხოური ვალუტის შემოსვლა. ერთად აღებულმა ყველა ამ ფაქტორმა ლარი გაამყარა.
თებერვლიდან მცირედით, მაგრამ დაიწყო კლება ექსპორტმა და ტურიზმმა, რადგან ამ დროისთვის ზოგი ქვეყნის ეკონომიკაზე ეპიდემიის უარყოფითი გავლენა უკვე აისახა, მარტში კი ტურისტების რაოდენობა 56%-ით, ექსპორტი 22%- ით, ხოლო ფულადი გზავნილები 9%-ით შემცირდა.
6 მარტის შემდეგ ლარმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო. უცხოური ვალუტის შემცირებულ შემოსავლებს მოსახლეობის მომატებული პანიკა დაერთო, ხალხი პროდუქტებსა და დოლარს იმარაგებდა. უცხოელებმა საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების გაყიდვა დაიწყეს, ყიდდნენ ლარში, ყიდულობდნენ დოლარს და შესყიდული დოლარი ქვეყნიდან გაჰქონდათ. ქვეყანაში შემომავალი დოლარის ნაკადების შემცირებამ, ქვეყნიდან დოლარის გასვლის დაჩქარებამ და ამავე დროს შიდა დანაზოგების გარკვეული ნაწილის ლარიდან დოლარში გადატანამ ლარის კურსის მკვეთრი დაცემა გამოიწვია.
13 მარტისთვის ლარის კურსი 3.0-ს მიუახლოვდა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე დოლარის გაყიდვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 13-დან 25 მარტამდე ჯამში 100 მლნ დოლარი გაიყიდა, ლარი დოლარის მიმართ 3.48-მდე გაუფასურდა. სებ- ის მიერ დოლარის გაყიდვამ, სავაჭრო ქსელების დაკეტვით იმპორტის მნიშვნელოვნად შემცირებამ და ლარიდან დოლარში გადასატანი დანაზოგების კლებამ ლარის გამყარებას შეუწყო ხელი. 25 აპრილამდე ლარი 3.20-ის ნიშნულს დაუბრუნდა და მას შემდეგ კურსის მნიშვნელოვანი რყევები აღარ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ აპრილი მარტთან შედარებით გაცილებით მძიმე ეკონომიკური შედეგებით დასრულდა.
წყარო: forbes.ge