„ნაციონალური მოძრაობის“  კარგად დაგეგმილი კამპანია: ევროპარლამენტარებიც და კონგრესმენებიც არიან მოსყიდულნი- ბესო ზანგური

“ალია“ ესაუბრება მსახიობი ბესო ზანგურს:

 

 

–  უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები ბოლო პერიოდში ძალიან კრიტიკული და მწვავეა – რას უქადის ეს დაპირისპირება ხელისუფლებას?

–  რატომღაც გვგონია, რომ უცხოელი პარლამენტარების მოსყიდვა შეუძლებელია – კორუფცია ყველგან არსებობს და პირიქით, ქართველი კორუმპირებული ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, ბევრად იაფად შეიძლება მათი მოსყიდვა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კარგად დაგეგმილი კამპანია და ევროპარლამენტარებიც და კონგრესმენებიც არიან მოსყიდულნი – თან პატარა-პატარა თანხებით მოსყიდული, 2-3 ათასი დოლარით და ამ თანხით რასაც უნდათ იმას აწერინებენ და ათქმევინებენ. რამდენად უნიჭოები არიან „ნაციონალები“ სხვა რაღაცებში, იმდენად ნიჭიერები არიან ბოროტებაში, ძალიან ნიჭიერად დგამენ ბოროტებით გაჟღენთილ სცენარებს, რომლებშიც მერე როლები 2-3 ათასით მოსყიდულ უცხოელ პოლიტიკოსებს აქვთ გადანაწილებული. სურვილი მიჩნდება ხმამაღლა ვთქვა, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, მათ შორის უცხოელმა პოლიტიკოსებმა და კონგრესმენებმა, რომლებიც აზრზე არ არიან, რა ხდება საქართველოში და როგორი პოლიტიკური ამინდია. გამოდიან და ზეპირსიტყვაობენ, მიხედონ თავიანთ ქვეყანას, არა მგონია მათთან უკეთესი სიტუაცია იყოს, ვიდრე საქართველოში.

– ის ხომ ფაქტია, რომ ამ 8 წლის მანძილზე, მიუხედავად ხალხის მოთხოვნისა, ვერ აღასრულა სამართალი…

– აი, აქ ვაწყდებით „ქართული ოცნების“ კოჰაბიტაციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ჰუმანურ მხარეს და ლმობიერებას… ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“… მაგალითად, მარგველაშვილის გამოსვლამ სახტად დამტოვა, კაცი, რომელიც მოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა და დაგვისვა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მარგველაშვილს კი არა, ბიძინა ივანიშვილს მივეცით მაშინ სინამდვილეში ხმა… ახლა გამოდის და ლაპარაკობს თავის ბატონზე. არ შეიძლება ყმა ბატონზე ლაპარაკობდეს ასე, იმ ბატონზე, რომელიც ვერ გადააგდო. აი, თუ გადააგდებს ყმა ბატონს, მაშინ შეიძლება კიდევ გამართლებული იყოს ასე საუბარი, მაგრამ ყმა, რომელიც ყმად დარჩა, არ შეიძლება ლაპარაკობდეს ასე თავის ბატონზე.

– უნდა გკითხოთ, რატომ იხსენიებთ ბატონად ივანიშვილს?

– ბატონობითი ფორმაა, თორემ ჩემი ბატონი, ცუდი გაგებით, ვერავინ იქნება, ვერც ივანიშვილი, ვერც სააკაშვილი და მხოლოდ მამაჩემი შეიძლება იყოს ჩემი ბატონი…

რაც შეეხება კეთილი და კარგი გაგებით, რატომაც არა, იყოს ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მას მართლა ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის  სრულიად უანგაროდ  – ამას ვერავინ დაუკარგავს და ბრმაც კი დაინახავს.

მაგრამ არის ასეთი პროფესია – პოლიტიკა, სადაც შეიძლება ყველა შენი გაკეთებული სიკეთე წყალში გადაგეყაროს… მარგველაშვილის მაგალითი რომ ავიღოთ… ძალიან კარგად ვიყავი მის მიმართ განწყობილი, მაგრამ ასეთი უმადურობა თუ ჩასახლდა ადამიანში, ჯოჯოხეთში მოგენატრებაო, ამბობენ და ზუსტად ეს დავინახე მასში – გული დამწყდა, შემოვიარე „ქართული ოცნების“ და მარგველაშვილის გამო მთელი საქართველო. მე რიგითი ამომრჩეველი ვარ და მართლა მთელი საქართველო ფეხით შემოვიარე –  „ქართულ ოცნებას“ მიეცით ხმა, „ქართულ ოცნებას“ მიეცით ხმა – მოვუწოდებდი ხალხს და მერე შენ თავს ეკითხები ადამიანი, რის და ვის გამო გავაკეთე, რატომ გავაკეთე? კი ბატონო, გააკეთეს ბევრი რამ, მაგრამ კაცი, რომლის გამოც ვირბინე, ტრიალდება და აქეთ გვლანძღავს  ჩვენ, იმის გამო, რომ სასახლეში დავსვით 5 წელი და არაფერი ეკითხებოდა… თურმე, ძალით დაგვისვამს და მადლობა უნდა ვუხადოთ, რომ იტანდა იქ ყოფნას.

– ამ არჩევნების წინაც შემოივლით ფეხით საქართველოს?

– არა. ნამდვილად არა. საკმარისად ვიარე. 5 შვილის მამა ვარ. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დამიფასა ეს სიარული და ეს დაფასება ისაა, რომ ქვეყანას ემსახურებიან უანგაროდ, ესენი არიან, გიორგი გახარია, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს დაუკარგო თავისი ღვაწლი? კალაძე ფეხით დადის და ამოწმებს ყველა უბანს, გახარია პანკისში ჩავიდა და ნიღაბი მოიხსენი, როგორც თანასწორებმა ისე ვისაუბროთო, ეს მანამდე ვის გაუკეთებია? ან ღარიბაშვილი, როგორ გადადგა, როგორ ადვილად შეელია სკამს, წავიდა ღირსეულად, მოვიდა ღირსეულად. თეა წულუკიანს ჩემი უდიდესი პატივისცემა, ჭკვიანი, აკადემიური მინისტრია.

– რომ შევაჯამოთ, როგორც მივხვდი, ამ რამდენიმე ადამიანის გამო მისცემ „ოცნებას“ ხმას და კიდევ ერთ შანსს, ხო?

– მე მივცემ ხმას „ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძეს, გიორგი გახარიას, ირაკლი ღარიბაშვილის, თეა წულუკიანის გამო და კი, დიდი იმედი მაქვს, რომ მომდენო 4 წელი გაცილებით უკეთესი იქნება, ნაკლები კოჰაბიტაციით და ნაკლები შეცდომებით.

თამო კეშელავა, ალია №21

 

წყარო: “ალია”